ვატო შაქარიშვილი – აგენტურული ქსელი შედგება ე.წ. პარტიებისგან, მედიებისგან, NGO-სგან, რომლებიც არ ემსახურებოდნენ ქართველი ხალხის ინტერესებს და მოქმედებდნენ უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად

12:33, 14.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები იკითხებიან.

მოწმის სახით იკითხება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილიც.​

„წელიწადზე მეტი ხნის წინ მივმართეთ ჩვენ საქართველოს პროკურატურას, რომ მოხდეს მათი საქმიანობის გამოძიება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა. მტკიცებულებებია მთელი მათი საქმიანობა 25 წლის განმავლობაში. მათი საქმიანობის ყოველი დღე, ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყოველი ქმედება არის დანაშაულის შემცველი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. წარდგენილი გვაქვს ძალიან ვრცელი მასალა, მათი მოქმედებათა ჯაჭვი, დროსა და სივრცეში მათი მოქმედებები რომ იყო კოორდინირებული, იმართებოდა ერთი ცენტრიდან, იყო ერთი სცენარი, რომელშიც აგენტურული ქსელის ყველა რგოლს ჰქონდა თავისი დავალება. აგენტურული ქსელი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, ეს იყო ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მედიები, NGO-ები, იყვნენ სხვადასხვა სფეროს ცალკეული წარმომადგენლები და იყო კოორდინირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული ქვეყნის გარედან, არაერთი ქვეყნიდან. მთავარი ის არის, რომ ისინი არ ემსახურებოდნენ ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ მოქმედებდნენ უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად.

სამართლებრივი მტკიცებულებები ჩვენი განცხადების საფუძველზე იყო პროკურატურის პრეროგატივა, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, რომელიც აგებული იყო მათივე საჯარო განცხადებებსა და ქმედებებზე, გაბმული იყო მათ შორის ლოგიკური ჯაჭვი. ჩვენ მიერ იყო დასაბუთებული, რომ არსებობს კოორდინაციის მაღალი ხარისხი აგენტურული ქსელის სხვადასხვა დანაყოფს შორის და ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან, ეს საქმიანობა ემსახურება ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას, ეს არის მტრული საქმიანობა და უცხო ძალებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ვატო შაქარიშვილის გარდა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები დაიკითხებიან, მათ შორის ნანა კაკაბაძე და ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი 2025 წლის 18 იანვარს შეიტანეს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ბრალდებით. გიორგი ვაშაძეს, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – 1 000 000-ლარიანი გირაო.

მსგავსი