ვატო შაქარიშვილი - 2012 წელს საკუთარ თავზე გამოვცადე დღევანდელი კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის „სამართლიანობა“
ვატო შაქარიშვილი - 2012 წელს საკუთარ თავზე გამოვცადე დღევანდელი კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის „სამართლიანობა“

2012 წელს საკუთარ თავზე გამოვცადე დღევანდელი კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის „სამართლიანობა“, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, ვახტანგ შაქარიშვილი მივიდა და სურვილი გამოთქვა, საბჭოს სხდომას დასწრებოდა.

„მოვედი, რომ დავსწრებოდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას. ჩემი არმოსვლა იქნებოდა დანაშაული საზოგადოების წინაშე. 2012 წელს საკუთარ თავზე გამოვცადე დღევანდელი კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის სამართლიანობა, ბრჭყალებში. ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად ვიყავით ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, გაგვასამართლა აბსურდული ბრალდებით და ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოგვისაჯა. ბრალდება იყო, თითქოს, ჩვენ შევიჭერით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და დავარბიეთ, ეს იყო ტყუილი ბრალდება. მე ვაპატიე მას, როგორც ადამიანმა ადამიანს, მაგრამ არ მაქვს უფლება, როგორც მოქალაქემ, ვაპატიო მოსამართლეს სამართლის ფეხქვეშ გათელვა და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება.

სამწუხაროდ, არ მომეცა სხდომაზე დასწრების საშუალება. სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც უბედურებაა დღევანდელი სასამართლოსი, თქვა, რომ მე მოვედი შოუს მოსაწყობად. შოუ არის მთელი პროცესი, რომელსაც თავად აწყობენ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ვატო შაქარიშვილს სურს, გასაუბრების პროცესს დაესწროს და კანდიდატს კითხვა დაუსვას, თუმცა ანა დოლიძის ამ ინიციატივას საბჭოს სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.