ვასილ მშვენიერაძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუსმინეს 
ვასილ მშვენიერაძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუსმინეს 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ვასილ მშვენიერაძემ, რომელიც მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს და საბჭოს წინაშე გასაუბრებას გადის, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილების საკითხი დააყენა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი დოლიძის განცხადებებია, სადაც, საბჭოს არამოსამართლე წევრი მას, ე.წ. კლანის წევრად მოიხსენიებს.

„შეურაცხმყოფელია, ჩემთვის მისი განცხადებები, სადაც ის ე.წ. კლანის წევრად მომიხსენიებს. მე არ მინდა, რომ ასეთმა ადამიანმა, რომელიც დღესაც მიიჩნევს, რომ ის არის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოახდინოს ჩემი შეფასება. შესაბამისად, მე აცილებას ვაცხადებ, ანა დოლიძის მიმართ”, – განაცხადა ვასილ მშვენიერაძემ.

მან ასევე არ გახსნა გასაუბრების პროცესი, არც მედიისთვის და არც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, დღეს ვასილ მშვენიერაძე  მუშაობას რომ აგრძელებს, ეს არის იმ უგუნური და უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც თეა წულუკიანი და „ქართული ოცნება“ სასამართლოსთან მიმართებაში ატარებენ.

„დღეს, როდესაც ასეთი დაძაბული საარჩევნო რბოლაა, ძალიან სამართლიანად იმკის „ქართული ოცნება“ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგს, რომელსაც რამდენიმე წელია ატარებს იუსტიციის უმღლეს საბჭოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ვასილ მშვენიერაძე, მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. ცნობილია, რომ მას ინსტანციის შეცვლა სურს და განაცხადი სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე აქვს შეტანილი. მშვენიერაძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2017 წელს თანამდებობაზე უვადოდ გაამწესა.