ვასილ მაღლაფერიძე - წარმოუდგენელია ამაზე მეტად გამჭვირვალე ბიუჯეტი, ვიდრე საქართველოს პირველ არხს აქვს
ვასილ მაღლაფერიძე - წარმოუდგენელია ამაზე მეტად გამჭვირვალე ბიუჯეტი, ვიდრე საქართველოს პირველ არხს აქვს

ამაზე მეტად გამჭვირვალე ბიუჯეტი, ვიდრე საქართველოს პირველ არხს აქვს, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„იქ ყველაფერი ბოლო თეთრამდეა გაწერილი. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კარგი ადამიანები, თუმცა, მაქვს პრეტენზია, რომ არ ვართ ძალიან ცუდები, მაგრამ ამას ყოველდღე აკონტროლებს სამეურვეო საბჭო, შიდა აუდიტი, სახელმწიფო აუდიტი და ყველა დაინტერესებული პირი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით მაუწყებლის ვებგვერდზე, 1tv.ge-ზე გახსნილი იქნება რუბრიკა, სადაც დაიდება ყველა დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

„ადამიანებმა რომ არ იწვალონ, ჩვენს ვებგვერდზე დაიდება ყველა დოკუმენტაცია და ინფორმაცია ყველა გადადგმული ნაბიჯის, თუ მოძრაობის შესახებ. პოლიტიკოსებს მაინც აქვთ უფლება და ჩემი რჩევა იქნება, ჟურნალისტებმა მაინც გადაამოწმონ ხოლმე და სიყალბის მსხვერპლი და გამავრცელებლები არ გახდნენ, რადგან ძალიან ხშირად ძალიან არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ ხოლმე, რაც მათ უბრალოდ, საკუთარ თავთან უხერხულობას შეუქმნის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ზოგჯერ არის ზერელე საუბარი იმის შესახებ, თუ სად მიდის ფული და საინტერესო არ არის, ასეთ საუბარს პასუხი გაეცეს.

„რომ ამბობენ, ფული სად მიდისო, სად მიდის და ამ სტუდიებში მიდის და დარგები ვითარდება. სტუდია საიდან იქმნება?! დაკვეთა მიდის და ასე. იმით, რომ დოკუმენტურ ფილმებსა და სერიალებს დავიწყებთ, სტუდია ფეხზე დგება. ანიმაციის დარგი ფეხზე უნდა დადგეს და ეს შეკვეთით უნდა მოხდეს. ის სტუდია უნდა მუშაობდეს. ასე მუშაობენ სტუდიები, შოუებს რომ დგამენ და ეს პროცესი განუწყვეტლივ უნდა მიდიოდეს. აქ მიდის რესურსი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი დღეს გამოაცხადა.