ვასილ მაღლაფერიძე - ვულოცავ ტელევიზიის დაბადების დღეს ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველი არხის ღირსება დღემდე მოიტანა

საქართველოს პირველი არხი დღეს იუბილარია – არხმა მთაწმინდის ანძაზე გახსნილი სატელევიზიო სტუდიიდან მაუწყებლობა ზუსტად 63 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს დაიწყო.

ცისფერი ეთერი ზუსტად 20:00 საათზე აინთო და ეთერში პირველი დიქტორები – ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გამოჩნდნენ.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პირველი არხს, მეორე არხსა და რადიოს აერთიანებს.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღევანდელი დღე ტელევიზიის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს მიულოცა.

„ვულოცავ ტელევიზიის დაბადების დღეს და ახალ წელს ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველი არხის ღირსება, დღიდან მისი დაფუძნებისა, მოიტანა დღემდე და ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციებს ჩაუყარა საფუძველი.

წლების განმავლობაში, საქართველოს პირველი არხი იყო ერთადერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქომაგი ქართული კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის და ა.შ. დღესაც ასე რჩება. მე ვფიქრობ, მთელი კოლექტივია განწყობილი საიმისოდ, რომ პირველი არხი, უახლოეს თვეებსა და წლებში დაიბრუნებს ყველა იმ პოზიციას, რომელიც მას ეკუთვნის და რომელიც საჭიროა ჰქონდეს.

ვულოცავ ყველა თანამშრომელს, ყველა მოქმედს, ვინც დღეს მუშაობს და თავისი თავდადებული შრომით ყოველდღიურად ქმნის იმ შინაარსს და სახეს ტელევიზიისას, რადიოსას, რასაც ჰქვია უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და ინტელექტუალური მედია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.