ვასილ მაღლაფერიძე - თვალთვალი და მიყურადება არის არა ევროპული, არამედ „კომსომოლური“ გზა
ვასილ მაღლაფერიძე - თვალთვალი და მიყურადება არის არა ევროპული, არამედ „კომსომოლური“ გზა

ახლად დაწყებული პავლიკ მოროზოვისეული მოძრაობა, თვალთვალითა და მიყურადებით, აკრძალვები, ვინ ვის უნდა შეხვდეს და ვის არა, ცუდი რაღაცისკენ მიაქანებს საზოგადოებას – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ მედიაში გავრცელებულ ფოტოზე დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მედიით გავრცელებულ ფოტოზე, რომელზეც ვასილ მაღლაფერიძე, კახა ბექაური, მაკო ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი კაფეში არიან დაფიქსირებული, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ამ თემის ირგვლივ მდგომარეობა კომიკურიც აღარ არის.

„ეს მდგომარეობა და განცხადებები ტრაგიკომიკურია. გვერდიდან თუ შეხედავენ და დააკვირდებიან, უკვე სასაცილოც აღარ არის. აღარაფერს ვამბობ იმ მიდრეკილებაზე ჩანაწერებისადმი და მოსმენებისადმი, რაზეც უკვე ვისაუბრე წინა კომენტარების დროს“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ფოტოზე გამოძიების მოთხოვნაც აბსურდულია.

„ეს აბსურდამდეა მისული და შეგვიძლია, ხელი არ შევუშალოთ, თუ სხვა საქმით არ არიან დაკავებული. კერძოდ, რას გამოიძიებენ, ზაზა შათირიშვილი დიდი ხანია, ჩემი მეგობარია. ერთად გადაცემებიც წაგვიყვანია, ვინც ამით არის დაინტერესებული, ყველამ იცის. მე და კახა ბექაური მეგობრები რომ ვართ, ეს ცნობილია. მაკო ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილიც.

თემაზე, რომელზეც საუბრობენ, არ გვქონია ლაპარაკი. რომ გვესაუბრა, რა იქნებოდა? მაგრამ უბრალოდ, არ გვისაუბრია.

რაც შეეხება ფოტოს, მე შემიძლია, თუ მაინცდამაინც ასე უნდათ, ვთხოვო ამ მეგობრებს, არქივში უფრო კარგი ხარისხის ფოტოები ვნახოთ და გადავცეთ. თუ შეუძლიათ, ფოტოთი საუბარი გაშიფრონ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, თვალთვალი და მიყურადება არ არის ევროპული გზა.

„ეს სხვა რამ არის და ფილოსოფიური საკითხია. ეს არის „კომსომოლური“ გზა, როცა დასმენაზე იყვნენ ორიენტირებული და ამის გამო, მათ შორის, ჩემი ოჯახი ერთ დროს ძალიან დაზარალდა. დედაჩემი ობლად იზრდებოდა დეიდასთან ერთად სწორედ ასეთი დამსმენების და კლიმატის შექმნისგან. ამ კლიმატისგან ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ დაზარალდა. რაღაცნაირად უნდა გავთავისუფლდეთ, რადგან, როგორც ჩანს, სენს ვატარებთ. ახლა ამის თავიდან აღორძინება უფრო მაშფოთებს, ვიდრე ის სისულელეები, რაზე ვლაპარაკობდით თურმე საიდუმლოდ, შუადღისას შეკრებილები კაფეში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.