ვასილ მაღლაფერიძე – თინათინ ბერძენიშვილი ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე ყველა დანარჩენი დირექტორი ერთად ვიყავით, დარწმუნებული ვარ, მომდევნო ექვსი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ზეობის ხანა იქნება

14:00, 29.07.2026

თინათინ ბერძენიშვილის გარეშე საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ მდგომარეობაში ვერ იქნებოდა, რომელშიც დღეს არის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„არასაკმარისი შეფასება იქნება, თუ ვიტყვი, რომ თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში ყველაზე წარმატებული დირექტორია, ის ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად ვიყავით. ამას, რასაკვირველია, ჰქონდა გარკვეული ობიექტური მიზეზები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუბიექტური ფაქტორები – მისი პიროვნული და პროფესიული თვისებები.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ – თინათინ ბერძენიშვილი რომ არა, დღეს ამ შენობაში არ ვიქნებოდით. შენობას მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, ადამიანები დღესაც გამოქვაბულში იქნებოდნენ, უფრო იაფი იქნებოდა. როდესაც ვსაუბრობთ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, პირველი არხის პრესტიჟზე და იმ პირობებზე, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო წლებში იმყოფებოდა, ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სტაბილურობა და დამოუკიდებლობა უკავშირდება თინათინ ბერძენიშვილის სახელს.

„დამოუკიდებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ესეც უკავშირდება თინათინ ბერძენიშვილის სახელს. თავისი სიმტკიცით, ნერვებითა და თვისებებით შეძლო ამ სტაბილურობის შენარჩუნება. დღეს ტელევიზიაში არის სტაბილური გარემო – ეს შენობა, სტაბილურობა, გადაცემები, პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ადრე, წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი რთულ მდგომარეობაში იყო როგორც პროფესიული, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

„უნდა ითქვას, რომ ეს ტელევიზია, სადაც მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ პროფესიონალები, ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც, რადგან იყო სტრესი. ხომ უნდა ითქვას ერთხელ, რა ჩაიბარა თინათინ ბერძენიშვილმა. დღეს აღარ ხდება ისე, რომ სამეურვეო საბჭოს წევრს მოუნდა ან ვიღაცამ ტელეფონი აიღო და ეს გადაცემა გავა ან არ გავა. ასევე, დასრულდა თავნებობა, რომ „მე წამყვანი ვარ და რასაც მინდა, იმას ვიზამ“.

დარწმუნებული ვარ, თინათინ ბერძენიშვილი კიდევ უფრო მშვიდად და ენერგიულად გაუძღვება ამ საკითხს და კოლექტივი კიდევ უფრო დიდ მიღწევებზე გავა. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ექვსი წელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალიან დიდი ზეობის ხანა და გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა ღია კენჭისყრაზე დაუჭირა მხარი.

მსგავსი