ვასილ მაღლაფერიძე - „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია, რათა არხს განათლების სამინისტროსთან მუშაობისა და თანამშრომლობის უფლება ჰქონდეს

საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება აუცილებელია, რათა არხს განათლების სამინისტროსთან მუშაობისა და თანამშრომლობის უფლება ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება კავშირში არ არის კომერციასთან, ცვლილება აუცილებელია კულტურისა და განათლების სფეროსთვის, რაც მომავალი თაობის აღზრდას ეხება.

ტელესკოლა“ არის ძალიან სპეციფიკური პროექტი. ეს იდეა კიდევ უფრო შეისხამს ხორცს და შემოდგომიდან ძალიან საინტერესო ფორმით გაგრძელდება. ამისთვის არის აუცილებელი ეს ცვლილება, რათა არხს ჰქონდეს სამინისტროსთან ერთად ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის უფლება. ეს არ არის კავშირში არც კომერციასთან, არც ფინანსების ცვლილებასთან, მაგრამ აუცილებელია საერთო თანამშრომლობის, კულტურისა და განათლების სფეროსთვის, რაც ეხება მომავალი თაობის აღზრდას. ამას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი და ვფიქრობ, შეიძლება სხვა ტიპის თანამშრომლობაც დაგვჭირდეს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, შემოდგომიდან „ტელესკოლა“ მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძენს.

„პირველად ვამბობ, რომ ძალიან დიდ პროგრამას ვიწყებთ, რომელსაც ქვეყნისთვის ექნება უდიდესი მნიშვნელობა. ახლა ვმუშაობთ უშუალოდ სამინისტროსთან ერთად და ეს იქნება დამხმარე წყარო. ამ ორ თვეში „ტელესკოლას“ მოუწია უშუალოდ სკოლის როლის შესრულება. შემოდგომიდან „ტელესკოლას“ ექნება უფრო დამხმარე, მაგრამ კარგი და ძალიან საჭირო დამხმარე ფუნქცია – საჭირო მთელი ქვეყნისთვის და ყველა ასაკის მოქალაქისთვის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მოხდება. ცვლილება შედის კანონის იმ ნორმაში, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსებას, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვას და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას, ან თანადაფინანსებას. კანონს დაემატება დამატებითი გამონაკლისი და ეს აკრძალვა არ გავრცელდება საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროგრამებზე.