ვასილ მაღლაფერიძე - „ტელესკოლამ“ ბევრი ახალი იდეა წარმოშვა, ერთ-ერთია პროექტი „ეს საქართველოა“, რომელშიც მონაწილეობას შეძლებს ყველა ნიჭიერი ადამიანი
ვასილ მაღლაფერიძე - „ტელესკოლამ“ ბევრი ახალი იდეა წარმოშვა, ერთ-ერთია პროექტი „ეს საქართველოა“, რომელშიც მონაწილეობას შეძლებს ყველა ნიჭიერი ადამიანი

მოხარული ვარ, რომ პროექტი „ტელესკოლა“ ასე საჭირო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რაც მეტი ენთუზიაზმით გვავსებს, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პროექტი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ იდეა სპონტანურად დაიბადა, მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა იმ ინტელექტუალური ბაზით, რომელიც არსებობს განათლების სამინისტროში, სკოლებში, საქართველოს პირველ არხზე. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე. ბევრი მიმართულება იქნება. ერთ-ერთი არის არაქართულ მოსახლეობაში და ახალგაზრდებში ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ხელშეწყობა. ეს გულისხმობს კლასგარეშე თემების ხელშეწყობას საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ საგნებში, ვფიქრობთ, ე.წ პროფსასწავლებლების მიმართულებით. ძალიან საინტერესო არხი იქმნება, ვსაუბრობ „პირველი არხი – განათლებაზე“. პათეტიკაში თუ არ ჩამომერთმევა, ჩვენი ქვეყნის ზომისა და გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, განათლება არის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის ჩვენი წარმატების საფუძველი. ამაში, რასაკვირველია, ჩართული ვიქნებით ყველანაირად“,- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და იწყება ქართული მულტიპლიკაციის ხელშეწყობის პროექტიც.

„36-სერიანი ანიმაციური ფილმი დავუკვეთეთ. ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის გადაცემებს ვგეგმავთ. ჩვენმა პროექტებმა დიდი ყურადღება მიიქცია ევროპაში. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ „ბიბისისთან“. ზოგ პროექტს ვთარგმნით,ზოგს მისი ანალოგით განვახორციელებთ. საქართველოს პირველი არხი ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ტელესკოლის“ პროექტმა ძალიან ბევრი ახალი იდეა წარმოშვა და ერთ-ერთია პროექტი „ეს საქართველოა“.

„ბევრი მიმართულებით არის სიახლე. რაც მთავარია, ეს არის ახალგაზრდული კოლექტივი, რომელმაც შექმნა ახალი პროექტი კრიზისის პერიოდში. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩვენ ამ კრიზისს გავივლიდით ღირსეულად. რასაკვირველია, გვექნება ხარვეზი, ზოგჯერ შეიძლება გულის წყვეტაც იყოს, ეს საქმე ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ, რადგან საზოგადოებრივი საქმეა,  ეს არხი კარგად როგორ ავაწყოთ. პროექტი ყველასთვის ღია იქნება, კეთილგანწყობილი და არაკეთილგანწყობილი ადამიანებისთვისაც, რომლებიც, როგორც ყოველთვის, თავისებურ სტიმულს იძლევიან ხოლმე. უახლოეს ხანში გამოცხადდება ძალიან დიდი პროექტი – „ეს საქართველოა“, რომელშიც მონაწილეობას შეძლებს ყველა ნიჭიერი ადამიანი – მეგობრები, სკოლის მოსწავლეები, ოჯახის წევრები, ბებიები, ბაბუები, ნათესავები. პროექტისთვის მოეწყობა ყველა პლატფორმა, რათა წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, ეს გახდება ერთ-ერთი საყვარელი გადაცემა, რადგან წარმოაჩენს ქართული ნიჭის ფენომენს. თავდაპირველად პროექტი იქნება დისტანციურად, შემდეგ კი, არადისტანციურთან ერთად შენარჩუნდება დისტანციური ელემენტებიც, მზადდება სპეციალური სტუდიები, რომ ორივე ფორმის შერწყმა მოხდეს. ასე რომ, დაველოდოთ და უახლოეს დღეებში დეტალებზეც იქნება საუბარი“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.