ვასილ მაღლაფერიძე - „ტელესკოლა“, როგორც არხი, დღეს ფორმალურადაც დაიბადა, კითხვები, გაგრძელდება თუ არა პროექტი, უკვე მოიხსნა
ვასილ მაღლაფერიძე - „ტელესკოლა“, როგორც არხი, დღეს ფორმალურადაც დაიბადა, კითხვები, გაგრძელდება თუ არა პროექტი, უკვე მოიხსნა

შემიძლია, ქართულ საზოგადოებას მივულოცო, რომ „ტელესკოლა“, როგორც არხი, უკვე დაიბადა ფორმალურადაც, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც ექვსი ხმით მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულებაში ცვლილებას.

ცვლილებების მიხედვით, მეორე არხი ოფიციალურად გარდაიქმნა ახალ არხად „საქართველოს პირველი არხი – განათლება“, რომელიც პროექტ „ტელესკოლას“ ეფუძნება.

გარდა ამისა, „ტელესკოლა“ უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების შესაბამისად ტელეგაკვეთილების წარმოებას როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სექტორისთვის; ასევე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი კონტენტის წარმოებას; შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემების/პროექტების წარმოებას; შემეცნებით-საგანმანათლებლო მექანიკური პროდუქციის (მათ შორის, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) განთავსებას.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, კითხვები, გაგრძელდება თუ არა პროექტი, დღევანდელი გადაწყვეტილებით უკვე მოიხსნა.

„ახალი არხის, „პირველი არხი – განათლების“ შექმნა მოიტანა საჭიროებამ. ტელესკოლის პროექტი სპონტანურად დაიწყო კორონავირუსის პანდემიის გამო. ერთგვარად ხანძრის ჩაქრობა იყო, რომ სკოლებში შეწყვეტილი გაკვეთილები რამე ფორმით აგვენაზღაურებინა. შეცდომები და ხარვეზები იყო, რომლებიც გზადაგზა გასწორდა, მაგრამ მუშაობისას უკვე გამოჩნდა, რომ ამ სახის პროექტი უნდა გაგრძელებულიყო, უფრო მრავალფეროვანი და მდიდარი გამხდარიყო. პროექტის მომზადება მოკლე დროში მოხერხდა, რადგან არხზე არიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულად ამ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ძალიან საინტერესო პარტნიორობა ვითარდება განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველ არხს შორის.

„ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის იქმნება მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ სატელევიზიო, არამედ არხი ამ სიტყვის ფართო გაგებით, რომელიც მოემსახურება განათლებასა და კულტურას“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, უახლოეს ხანში დაიწყება სატელევიზიო ბადეზე მუშაობა, თუ როგორი უნდა იყოს ახალი სასწავლო პროცესი ზაფხულსა და შემოდგომაზე.

„ტელესკოლის ჯგუფი დღეში 20 საათის განმავლობაში მუშაობდა. 15 მაისისთვის ჩაწერებს ვამთავრებთ და უკვე დავიწყებთ მუშაობას, როგორი უნდა იყოს ბადე ზაფხულში, როცა არდადაგებია და როგორი უნდა იყოს შემოდგომიდან, სასწავლო პროცესის დროს. ინტენსიურ რეჟიმში, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დავსხდებით და ბადესაც შევიმუშავებთ. ეს პროცესი ღია იქნება და გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ტელევიზია გამოყენებული უნდა იყოს განათლების, კულტურისა და გართობისთვისაც.

„ტელევიზიიდან ლანძღვა-გინება ცხოვრების აუცილებელ ელემენტად იქცა, მაგრამ ტელევიზია უნდა გამოვიყენოთ განათლებისთვის, კულტურისთვის, გართობისთვის. უახლოეს მომავალში „პირველი არხი – განათლების“ ეთერში დაიწყება ახალი პროექტი „ეს საქართველოა“. ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება, რომელიც საქართველოს ტელესივრცეში განხორციელებულა. ამ პროექტში მთელი საქართველო ჩაერთვება. ეს იქნება ქართული ნიჭის ფესტივალი“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.