ვასილ მაღლაფერიძე – შეუძლებელია, ქრისტიანობა არ შემოსულიყო საქართველოში, რადგან საქართველო, როგორც ფენომენი, არ იარსებებდა, ეს არის რელიგიაც, პოლიტიკაც, ქვეყნის შემქმნელიც და გადამრჩენელიც

00:11, 22.07.2026

შეუძლებელია, ქრისტიანობა არ შემოსულიყო საქართველოში, რადგან საქართველო, როგორც ფენომენი, არ იარსებებდა, – ამის შესახებ ფილოლოგმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნებოდა.

„ამას ფილოსოფიური კუთხით უნდა შევხედოთ, საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლა ნამდვილად დიდი მასშტაბის მოვლენაა. ეს არის რელიგიაც, მსოფლმხედველობაც, პოლიტიკაც, ქვეყნის შემქმნელიც, გამაერთიანებელიც და გადამრჩენელიც“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ, გაქრისტიანების მსგავსად, ქართული ლიტერატურაც არის 1700 წლის.

„ფარნავაზი ქმნის ქართულ ანბანს, ქართულ მწიგნობრობას. მილიონი ვერსია არსებობს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, არ არსებობს არავითარი წყარო, რა დაიწერა ამ ანბანით. ამაზე მინიშნებაც კი არ არის, მაგრამ პირველი, რაც დაიწერა – ნინო კარნახობს თავის ცხოვრებას, ესე იგი, ეს ანბანია გამოყენებული. ანუ, ანბანს ქმნის ფარნავაზი და იწერება ნინოს ცხოვრება. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ პირველი ნაწარმოები არის „შუშანიკის წამება“, რომელიც მეხუთე საუკუნით თარიღდება, მაგრამ ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში არის ძალიან სერიოზულ მეცნიერთა კვლევები, მათ შორის, ჩემი მასწავლებლის, აწგანსვენებული ბატონი რევაზ სირაძის, რომელიც ძალიან დასაბუთებულად წერს, რომ ქართული ლიტერატურა სწორედ ნინოს ცხოვრებიდან იწყება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მსგავსი