ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს მოკავშირე არ ჰყავს და ეს სწორია
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს მოკავშირე არ ჰყავს და ეს სწორია

საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს მოკავშირე არ ჰყავს და ეს სწორია, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არავის ინტერესებს არ გამოხატავს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე და ამას ჩვენც ძალიან ვცდილობთ. ამიტომ, გამოდის, რომ ფაქტობრივად, ყველა უკმაყოფილო იქნება, რომ ის არ ასრულებს მის ფუნქციას. ამ ტიპის საზოგადოებრივ მაუწყებელს გარკვეულწილად, უნდა შევეგუოთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებასა და ისტორიაში იყო პერიოდები, როცა ის იდგა იმ მკვეთრ პოზიციაზე, რაზეც იდგა და პოლიტიკურ ბრძოლაში თავისი ადგილი იცოდა. რასაკვირველია, მას ჰყავდა მოწინააღმდეგეები, მაგრამ ასევე ჰყავდა მოკავშირეები. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს, მოკავშირე არ ჰყავს და ეს სწორია“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თქმით, პირველი არხის მიმართ საყვედურები ხშირად ერთდროულად მოდის ხოლმე. 

„ქუჩაში, სოციალურ ქსელში თუ სხვაგან, ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია. ის – ვინც საყვედურებს გამოთქვამს და ამით არის დაინტერესებული. დავაკვირდეთ საუბრის სტილს, მოქმედების არეალს და მეტიც, როგორ აფასებენ ერთმანეთს პოლიტიკური ძალები. აბსოლუტურ სიბრძნეზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ როცა პოლიტიკური ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ ყველანაირ საშუალებას იყენებენ, ვფიქრობ, მათთვის მედია არ არის მედია, პირდაპირი მნიშვნელობით; ეს არის ბრძოლის ინსტრუმენტი და საცეცხლე წერტილი. ზოგს უნდა, კამერებში ბევრი ადამიანი გამოჩნდეს, ზოგს კი – ცოტა, მაგრამ ეს პრეტენზიები თანდათან გაივლის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამსახური პრეტენზიებს აგროვებს, შემდეგ, კი, ეს პრეტენზიები განიხილება და მაუწყებელი მათ ითვალისწინებს.

„მაგალითად, იყო ასეთი პრეტენზია, რატომ აცოცხლებთ ამ პარტიებსო. მოგეხსენებათ, ნულოვან ბარიერთან ერთად ეს პარტიები პროცესებში ჩაერთნენ, გააქტიურდნენ და აბა, რა უნდა ვქნათ?! ვიღაცას ეს არ მოსწონს, ვიღაცას უნდა, მაინცდამაინც ეს მოვიდეს და ა.შ. მაგალითად, ფეხბურთი იქნება ზეგ, ჩვენი ორი გუნდი თამაშობს და ვმსჯელობდით, რა უნდა ვქნათ. ეს ამბავი ყოველდღე არ ხდება, საქართველოს გუნდები თამაშობენ, ადამიანებს სპორტიც აინტერესებთ, ეს ტელევიზია მათთვისაც არის და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე მატჩს ვაჩვენებთ. შესაძლოა, რაღაც მოხდეს, ჩვენ ვერ დავგეგმოთ, ან ვთქვათ, აქცია გაგრძელდეს და ვიღაც იტყვის, რატომ არის ფეხბურთი და რატომ არ არის აქციაო და ა.შ.“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღმავლობის პროცესშია და საზოგადოება და პოლიტიკური ძალები მის მნიშვნელობას სულ უფრო მეტად დაინახავენ.