
საუბარი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ხალხის ხმა არ ისმის, არასწორია, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ჩვენთან მაყურებელი არის პოლარიზებული და პოლიტიზებული. ვინც პოლარიზებული, პოლიტიზებულია და ხელისუფლების მომხრეა, უყურებს „იმედს“. ვუსმინე რუხაძეს და ძალიან მომეწონა ღიად რომ თქვა, დიახ, მე ეს პოზიცია მიკავიაო. ვისაც ეს პოზიცია გამოკვეთილად უკავია, ეს არის ძირითადი მაყურებელი და „იმედი“ არის ყველაზე რეიტინგული. აი, პირდაპირ სახელებს დავარქმევ. ოპოზიციურად რომ არიან ადამიანები განწყობილი, მკვეთრად რომ არიან და მიდის ბრძოლა, დუღილი, „ფეისბუქში“ გამიშვი-გამატარე და მთელი ამბავი, ისინი ოპოზიციურ არხებს უყურებენ. ესეც ასეა. აქ მათ მოთხოვნილებებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აკმაყოფილებს. არცერთს არ აკმაყოფილებს, რადგან ერთზე გამოკვეთილია, რომ ეს არის სიმართლე, ისინი არიან სწორი ადამიანები, მაქსიმალურად იგნორირებულია მეორე მხარე, მეორეს კი, თავისი სიმართლე აქვს. აქ რომ ორივეა, არ აკმაყოფილებთ. აქციის მონაწილეები აქ მოდიან. მეორე ნაწილი არ მოდის, თორემ, პირობითად ვამბობ, რომ დაინახოს საფრთხე, საზოგადოებრივ მაუწყებელს მართლა მართმევენო, შემდეგ ნახეთ მოსვლა, აქცია და ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება. სათავე არის ის, რომ არ უნდათ მეორე მხარე. უნდათ, ისეთივე გახდეს. არ ვთქვათ, რომ ყველა ბოროტია. ვიღაცას ამ არხზე დასაქმება უნდა და შეიძლება რაღაც მერკანტილურია. დიდი ნაწილი იბრძვის თავისი სიმართლისთვის და გამოდის, შენ ხელს უშლი. იმიტომ, რომ ასე უნდათ – არ მინდა ყველას მოსმენა, მარტო ჩემი აზრია სწორი.
რომ ამბობენ, ხალხის ხმა არ ისმისო, ტელევიზიის პოლიტიკურ გადაცემებში, ძირითადად, მოდიან პოლიტიკოსები და რაღაც ინტერესთა ჯგუფები, სხვა საშუალება ტელევიზიას არ აქვს. ადამიანები მოდიან და ამბობენ, მე არასდროს გამოვსულვარ ტელევიზორში. ჩვენ 3 700 000 კაცი ვართ და როგორც არ უნდა მოვინდომოთ, თუ რაღაცნაირად არ არის ეს აქტიურობა და რაღაც ჯგუფს არ გამოხატავს, რთულია, ეთერში მოიყვანო, რა პრინციპითაც იწვევ. ამიტომ ხალხის ხმა არ ისმის, ეს არასწორია“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, საუბარი მიდის იმაზე, გვინდა მრავალპოლარული აზროვნება და აზრი, თუ გვინდა მონოაზროვნება.
„რატომ არის დაწყებული მთელი ეს ამბავი? ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. აქციები არის, გადაინაცვლებს, გადმოინაცვლებს. გასაგებია, რომ ბერძენიშვილი და მე უნდა გადავდგეთ, მაგრამ ძირითადად ხომ ეს ისმის – არჩევნები გაყალბდა. აგერ, თვალწინ რასაც გვასმენინებენ და ყოველდღე გვასმენინებენ – მათი მოთხოვნაა, ის პოლიტიკოსები ნუ მოგყავთ ეთერში, ვისაც გაუყალბეს. ნახეთ, როგორი ჩაკეტილი წრეა. გვეუბნებიან, პოლიტიკურ გადაცემაში არჩევნები გაყალბდაო, ამაზე უნდა ისაუბრონ არაპოლიტიკოსებმა, პოლიტიკოსების დანახვა არ გვინდაო და უნდა ისაუბრონ ადამიანებმა, ხალხის ხმამ უნდა ისაუბროს, როგორ გაყალბდა, როგორ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ხომ ამაზეა საბოლოოდ? დღეს რას ითხოვენ, ვისმენთ, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ეს არის ჩაკეტილი წრე და იცით, სად მიდის? ჩვენ გვინდა მრავალპოლარული აზროვნება და აზრი, თუ გვინდა მონოაზროვნება, ამაზე მიდის ლაპარაკი და ამაში გაიჭყლიტება საზოგადოებრივი მაუწყებელი ორივე მხრიდან. ეს არის მთელი ამბავი. მე ასე ვუყურებ ამას“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც საზოგადოების გარკვეული წევრები ამბობენ, მასშია პრობლემა, თუმცა ის ისევეა არჩეული, როგორც ბორდის დანარჩენი წევრები.
„მე რამე სხვა წესით ვარ არჩეული, ვიდრე რომელიმე მათგანი? აქ დაწერილია წესი, რომ პარტიების წარმომადგენლები არიან. მე როცა ვიყავი პოლიტიკაში, ღიად ვსაქმიანობდი და ვიღაცისთვის ეს, შეიძლება, მიუღებელია. კი ბატონო, იმ პარტიაში თუ არ ხარ, ყველა სხვა მიუღებელია, მაგრამ ჩემთვის არ არის ასე და მე დანაშაული ხომ არ მაქვს ჩადენილი? მეტიც, ამაში სამარცხვინო არაფერი მიმაჩნია, არც კანონი დამირღვევია, ხომ სწორია? მე ვარ არჩეული „ოცნებიდან“. გია მურღულიაც ასეა არჩეული. ვიღაც ოპოზიციიდანაა არჩეული. მეორე მხრივ, ზოგისგან განსხვავებით, მე ყოველთვის დავიცავი ეთიკა და პოლიტიკიდან რომ წამოვედი, არც პოლიტიკურ პროცესებში ჩავრეულვარ. რამე გაჭირვება კი არ მქონდა? არ წამოვიდოდი, მაგრამ არ დამაინტერესა იმ საქმემ და წამოვედი. ეს შედეგით უნდა განვსაჯოთ, თორემ ასე, ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია, ვთქვა, რატომ გაცვია წითელი და რატომ მოდიხარ ასე. მე კი ვარ იქიდან არჩეული, მაგრამ ეს სტუმრების არჩევას რითი ცვლის? ისინი იმას კი არ ამბობენ, მაღლაფერიძე არ იყოს და სხვა იყოსო, არა, სტუმრები ჩვენ უნდა ავარჩიოთო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, „დღის თემა“ არის პოლიტიკური გადაცემა, ძირითადი თემა არის არჩევნები და ადამიანებს აინტერესებთ, იქნება ეს არჩევნები, თუ – არა.
„ახლა ვიღაცას დღეს უცებ რომ მოუნდა, პოლიტიკური ნიშნებით თქვას, უნდა გავაქრო ეს პარტიები, აღარ მაინტერესებს, მე დავდგები უკან, დავურეკავ ხოლმე ნინო თარგამაძეს და მოვლენ სტუმრებიო, ამ საქართველოში ჩინეთივით არ ვართ, მაგრამ სამი მილიონი ადამიანი ხომ ვართ და შეიძლება, ეს ვიღაცას არ აინტერესებს. იმიტომ აინტერესებს პარტიების ამბავი, რომ აინტერესებს, მას რა მოუვა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ როცა გინდა, რაღაც ააგორო, უნდა შექმნა მტერი, შემდეგ რაღაც დააბრალო, ეს პოლიტიკური ტექნოლოგიაა.
„მარტო იმას კი არ მეუბნებიან, შენ პოლიტიკურმა პარტიამ აგირჩიაო, მეუბნებიან, შენ ხარ რუსიო და ასე შემდეგ. ახლა თიკო ბერძენიშვილი მომაყოლეს და ა.შ. თქვენ არ იკადრებთ ახლა, დამისვათ შეკითხვა, რატომ ვარ რუსი, ან რატომ ვართ მონები, მაგრამ ამას ბორდის ის სამი წევრი რომ ბრძანებს, მარტო იქ კი არ ბრძანებს, სხდომებზეც აჟღერებს ამ სიტუაციას და ჩვენ უნდა დავსხდეთ და ამასაც ვუპასუხოთ. „ოცნების“ წევრი რომ ვიყავი, რა, ვინმე სხვა მხრიდან არის მოსული? ყველა რაღაც ჯგუფს წარმოადგენს. მინახავს სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრი, ხან ტექნიკურ მთავრობას რომ აყალიბებს და ხან სხვა რამეს. კანონმა ასე განსაზღვრა, რომ სხვადასხვა ჯგუფიდან უნდა იყოს სამეურვეო საბჭო, ასე დაიწერა კანონში. როგორც ჩანს, ახლა ვიღაც მუშაობს ახალ კანონზე, სადაც სტუმრებს შეარჩევს ხალხის ხმა. ალბათ ასეა და დაიხსომეთ, დაახლოებით, ერთ-ორ თვეში რა მოხდება. გარწმუნებთ, თუ ამას გააუქმებთ და პარტიებს არ მოიყვანთ, გეტყვიან, თქვენ მოკალით პოლიტიკური ცხოვრებაო. თქვენ ვალდებული ხართ, ეს პარტიები მოიყვანოთ, რადგან ხალხის ხმა არის სწორედ ის პარტიები. ახლა ჩვენ თუ გვინდა, პირამიდა უკუღმა წვერზე დავაყენოთ, ეს იქნება. ეს არის ტყუილი. იმიტომ არსებობენ ეს პარტიები, ყველა ელოდება, არჩევნები იქნება, არ იქნება, სტრასბურგში ეს მიიღეს და ჩვენ აქ ვმსჯელობთ, პარტიები არ მოვიდნენ, ვიღაცამ შეარჩიოს ხალხის ხმა და ვილაპარაკოთ რაღაცაზე – ეს აბსურდია. ეს თუ დაიწერება, ამას პარლამენტი და ოპოზიცია გაიზიარებს, კი ბატონო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა, რომ პირადად მასაც ორივე მხრიდან მიმართავდნენ, რომ ესა თუ ის სტუმარი არ მოსწონდათ.
„ჩვენ სამეურვეო საბჭოს წევრები ვართ, ხომ ვერ გვეტყვით, რომ ჩავრეულვართ. არ გინდათ გარედან, მოდით, მეც გთხოვთ, საზოგადოების წარმომადგენლები მოიყვანეთ, ოღონდ შემდეგ გეტყვიან, ესენი არ არიან საზოგადოების წარმომადგენლებიო. ჩვენ ხომ მოგვისმენია ეს? ის კი არა, რომ მოიყვანეთ საზოგადოების წარმომადგენლები, კინაღამ ინფარქტებით ჩაწვნენ ლოგინში, ისეთი ბულინგი იყო. არ მოიყვანო, ეს რატომ მოიყვანეო, ხომ გეუბნებოდნენ? გეგონებოდა, მე საერთოდ რამეში ვიყავი ჩარეული. რომ გაგიხსნათ, გული გაგისკდებათ, რა დღეში იყო მარტო ჩემი „ფეისბუქი“ ერთი და მეორე მხრიდანაც, ეს რატომ მოიყვანეო. ხომ სიტყვის თავისუფლებაა და ჩამოვთვალო ის ეპითეტები? არ ვიკადრებ ამას. კი აქეზებდნენ ამ ეთერიდან, გინებაც სიტყვის თავისუფლებააო. ეს რატომ მოიყვანე, ის რატომ მოიყვანე, ესენი არ არიან საზოგადოების წარმომადგენლები – ქართლის დედა ვიცით, ერთი დგას, ზოგი ამასაც არ იზიარებს და ერთი ამბავია. ასე არ არის ხალხის ხმა, ასე იოლად რომ ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.