ვასილ მაღლაფერიძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიში, კომიტეტმა დადებითად შეაფასა არხის მუშაობა
ვასილ მაღლაფერიძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიში, კომიტეტმა დადებითად შეაფასა არხის მუშაობა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერის 70%-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებდა. მან დეტალურად ისაუბრა მაუწყებლის გადაცემებზე, მათ შორის ტელესკოლაზე, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა. ვასილ მაღლაფერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო ეუთო-ოდირი-ს შეფასება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს. მისი თქმით, მაუწყებელი უახლოეს პერიოდში აპირებს, პარლამენტს მიმართოს კანონპროექტით, რომელიც ქართული ფილმების წარმოების დაფინანსებას უკავშირდება.

ანგარიშის წარდგენისას ვასილ მაღლაფერიძემ აქცენტი გააკეთა არქივის მნიშვნელობაზე და მდგომარეობაზე, ასევე ტექნიკურ გადაიარაღებაზე და აღნიშნა, რომ 2023 წლის გაზაფხულიდან არხი ახალ შენობაში გადასვლას დაიწყებს.

„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიში. წარვადგინეთ, თუ როგორ სრულდებოდა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, ასევე წარმოვადგინეთ მონიტორინგის შედეგები, რა მიმართულებით დაიხარჯა თანხა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა არხის მუშაობა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.