ვასილ მაღლაფერიძე - „რუსთავი 2“-ს ვთხოვ, გაიხსენოს სახელმწიფოს ნაპატიები თანხები, რომელიც ერთი ტელევიზიის დაარსებას ეყოფა
ვასილ მაღლაფერიძე - „რუსთავი 2“-ს ვთხოვ, გაიხსენოს სახელმწიფოს ნაპატიები თანხები, რომელიც ერთი ტელევიზიის დაარსებას ეყოფა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აყენებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ვასილ მაღლაფერიძეს მიმართა კითხვით – „როდესაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი გაქვთ, ამ პირობებში რატომ წარმოადგენს საჭიროებას, დამატებით ამ ცვლილებების გატარება“, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა უპასუხა.

„ეს არის ძალიან კარგი პროექტი და ხელს შეუწყობს მთელი პრესის განვითარებას. თუ გაინტერესებთ, უპირატეს მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, როდესაც მილიონებზეა საუბარი, განსაკუთრებით თქვენს ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს ვთხოვ, გაიხსენოს ის სახელმწიფოდან ნაპატიები, ბიუჯეტიდან ნაპატიები თანხები, რომელიც ერთი ტელევიზიის დაარსებას ეყოფა“, – აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ხვდება.