ვასილ მაღლაფერიძე - პოლიტიკური ჯგუფები ნელ-ნელა მიეჩვევიან, რომ მედია არ არის დანა-ჩანგალი, რომლითაც მეორე უნდა შეჭამო
ვასილ მაღლაფერიძე - პოლიტიკური ჯგუფები ნელ-ნელა მიეჩვევიან, რომ მედია არ არის დანა-ჩანგალი, რომლითაც მეორე უნდა შეჭამო

პოლიტიკური ჯგუფები ნელ-ნელა მიეჩვევიან, რომ მედია არ არის დანა-ჩანგალი, რომლითაც მეორე უნდა შეჭამო, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„თუმცა, შეიძლება მედიის ამისთვის გამოყენებაც და არა ერთხელ გამოყენებულა საკმაოდ წარმატებულად. მედია არის ის, რომელმაც უნდა მოყვეს, რა მოხდა, დაგეხმაროს არჩევანში როგორ და ა.შ.“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, უკვე ჩამოყალიბდა ჯგუფები თუ გაერთიანებები, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ და ნელ-ნელა, ამ ჯგუფებს ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა მოუწევთ.

„განვითარების ამ ეტაპზე მივიღეთ ჯგუფები, რომლებიც ამბობენ – ჩვენ ვართ ძალიან კარგები. ერთი შეხედვით ეს ჯგუფები ერთმანეთისგან თითქოს ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ მათი პათოსი ძალიან არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანი გამოდის და ამბობს – მეგობრებო, მე მინდა, აზრი დავაფიქსიროო. ეს სიტყვა ძალიან პოპულარულია და დაფიქსირება იმას ნიშნავს, რაღაც რომ გინდა დააჭედო. ელოდები, რომ რაღაც ლაო ძივით აზრს მოისმენ და კონფუცის დონეზე იტყვის რაღაცას, მაგრამ სულ ეს არის – მეგობრებო, ადექით ახლა, მოდით და ერთად ვიყოთ, რადგან ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო, ხოლო, აი, სადღაც იქ არიან მტრები. მნიშვნელობა არ აქვს, გვერდზე, ას მეტრში, ას კილომეტრში, თუ სად. მთავარი ისაა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ პარტიის შიგნით არიან, ერთმანეთთან საერთო ენა იპოვეს და მათ უკვე იციან, რომ კარგები არიან, აი, გვერდით სოფელში კი ცუდები. მაგრამ ნელ-ნელა, ამ ჯგუფებს ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლაც მოუწევთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამაში განსაკუთრებული არაფერია და ჩვენც იმ ეტაპს გავდივართ, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა.

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ძალიან სასიამოვნო პროცესი. ადამიანები და ჯგუფები დიდხანს, ან კიდევ ცოტა ხნით დაუძახებენ ერთმანეთს მოღალატეებს, მაგრამ მერე, ცხოვრება აიძულებს, ერთმანეთს შეეწყონ და თანაარსებობა ისწავლონ. მდინარეში ხომ გინახავთ, მომრგვალებული ქვები რომ არის?! დასაწყისში რომ ნახოთ, ის კლდის ჩამონაცვენია და გალესილია, მაგრამ მერე, მდინარეს ქვემოთ რომ მოაქვს, ისე კოხტად არიან მომრგვალებული და ისე ალაგია ერთად, რომ შეხედავ, გაგიხარდება. ასე იქნება ამ პოლიტიკური ჯგუფების საქმეც“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებაში ხდება ცვლილება, როცა ასპარეზზე პოლიტიკური ძალები უნდა გამოვიდნენ და მედიამ უნდა მოახერხოს, საზოგადოებას მაქსიმალურად მოუყვეს ამ პარტიების შესახებ.

„ეს ორი გზით ხდება; ერთი – ჟურნალისტებმა უნდა მოუყვნენ და მეორე – თვითონ იმ პარტიის წარმომადგენლებმა. ამ სინთეზით, მაყურებელმა უნდა გამოიტანოს დასკვნა, რადგან ჟურნალისტი იმას მოყვება, რასაც თვითონ ხედავს, ხოლო პარტიის წარმომადგენელი იმას, რაც უნდა, რომ თვითონ არის ერთადერთი, განუმეორებელი, ციდან ჩამოსული და მხსნელად მოვლენილი. ბუნებრივია, მათ ასე უნდა ილაპარაკონ. აბა, თქვენ მოსატყუებლად მოვედი და პარლამენტში რომ შევალ, მერე საკუთარი თავის გარდა არავინ აღარ გამახსენდებითო, ამას არავინ არ იტყვის. ეს პროცესია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი იქნება, მაგრამ ასეთიც იქნება. როგორსაც გამოვიცნობთ, ისეთი იქნება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.