ვასილ მაღლაფერიძე - პირველი არხი აშუქებს თითქმის ყველა სპორტულ ასპარეზობას, რაც სრულად პასუხობს პრიორიტეტებს, როგორც მომზადებული გადაცემების, ასევე სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებისა და შესყიდვის თვალსაზრისით
ვასილ მაღლაფერიძე - პირველი არხი აშუქებს თითქმის ყველა სპორტულ ასპარეზობას, რაც სრულად პასუხობს პრიორიტეტებს, როგორც მომზადებული გადაცემების, ასევე სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებისა და შესყიდვის თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში, დეპუტატების წინაშე ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პირველ არხზე სპორტის გაშუქებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში პირველი არხი აშუქებდა თითქმის ყველა სპორტულ ასპარეზობას, რაც სრულად პასუხობს პრიორიტეტებს, როგორც მომზადებული გადაცემების, ასევე სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებისა და შესყიდვის თვალსაზრისით.

„საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებით: „ევრო 2020“ – საქართველოს პირველმა არხმა, გახსნიდან ფინალამდე, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ყველა პირდაპირი რეპორტაჟი შესთავაზა მაყურებელს; „ტოკიო 2020“ – ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ უწყვეტ რეჟიმში გადასცემდა; „ტოკიო 2020 – პარალიმპიადა“ – პირველად საქართველოში, პირველი არხის მაყურებელს საშუალება ჰქონდა, თვალი ედევნებინა „ტოკიო 2020 – პარალიმპიადისთვის“. მნიშვნელოვანია, რომ პარალიმპიადის გაშუქებისთვის, რომელიც თავის სპეციფიკით განსაკუთრებულია, მოხდა პირველი არხის თანამშრომლების სპეციალური გადამზადება, როგორც შესაბამისი ტერმინოლოგიის, ისე გაშუქების სპეციფიკის მიმართულებით“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო საკალათბურთო მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლების შესახებ.

„პირველმა არხმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან (FIBA) საკალათბურთო მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება შეისყიდა. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, 2021-2025 წლების განმავლობაში ტელემაყურებელი იხილავს საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს მსოფლიოსა და ევროპის უახლოესი ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.