ვასილ მაღლაფერიძე - პირველ არხზე არ გავა უხარისხო პროდუქცია, არ გავუშვებთ ბნელეთის აპოლოგიას, რასაც მიმართავენ, როგორმე ადამიანები თავიანთ საინფორმაციო საშუალებებთან რომ მიიყვანონ
ვასილ მაღლაფერიძე - პირველ არხზე არ გავა უხარისხო პროდუქცია, არ გავუშვებთ ბნელეთის აპოლოგიას, რასაც მიმართავენ, როგორმე ადამიანები თავიანთ საინფორმაციო საშუალებებთან რომ მიიყვანონ

საქართველოს პირველ არხზე არ გავა უხარისხო პროდუქცია, აქ ჩვენ არ გავუშვებთ ბნელეთის აპოლოგიას, რასაც მიმართავენ იმის გამო, რომ ადამიანთა ქვენა გრძნობაზე ითამაშონ და როგორმე თავიანთ საინფორმაციო საშუალებებთან მიიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არ გაკეთდება. აქ გაკეთდება და მოწოდებული იქნება მსოფლიო დონის შემეცნებითი პროდუქცია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, საზოგადოება მაღალი ხარისხის პროდუქტით გართობას უნდა მიეჩვიოს.

„ჩვენი გასართობი გადაცემით დამტკიცდა, როგორ მაღალ დონეზე შეიძლება პროდუქტის გაკეთება. თუ გასართობი გადაცემები იქნება, ასეთი და ამ ტიპის გადაცემა უნდა იყოს. ასე უნდა იყოს „ვოისი“ და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გავერთოთ, ოღონდ გართობა არ ნიშნავს ძალიან დაბალ დონეზე დაშვებას. ამ მედიაბაზარზე იუმორი ჭირს და თუ ამას გავბედავთ და ავიღებთ, ეს უნდა იყოს მაღალი ხარისხის და არა იმ ხარისხის, რასაც ვუყურებთ. ეს დეგრადირებაა, ბნელეთის აპოლოგია. ეს არ შეიძლება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თქმით, თუკი დასავლეთი გვინდა, ხარისხიან ფილმებს უნდა ვუყუროთ და რაღაცების ყურება უბრალოდ, სირცხვილი უნდა გახდეს.

„თუ დასავლეთი გვინდა, აი, ამ კინოს უნდა ვუყუროთ, ხომ?! რაღაცების ყურება უბრალოდ, სირცხვილი უნდა გახდეს. სხვათა შორის, ვუყურებ, რომ მედიაბაზარზე პირდაპირ მენტალური ბრძოლა მიდის და აქ რომ მედიაკრიტიკა არსებობდეს, ოდნავ მაინც, ჩანასახში, რომელიც გააანალიზებს, რა ხდება, ეს გარემოს შეცვლის.

ჩვენმა ჯგუფმა იმუშავა და თუ ამაზე გადაცემა იქნება, შეგვიძლია, ეს გამოვიტანოთ. თავზარი დაგვეცა იმაზე, რაც ქართულ ტელევიზიებში ხდება. მეტიც, როცა ამას ვუყურეთ, აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანი ამას არ უყურებს და მტერმა უყურა. ეს ამბავი იმ დონეზეა, ამბობდნენ, როგორ, ეს ჩვენთან გადისო? საქართველოს გულისხმობდნენ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, მაყურებელმა პირველ არხზე იმიტომ უნდა გადართოს, რომ ხარისხიანი პროდუქტი ნახოს.

„იმიტომ კი არა, რომ ეს პირველმა არხმა გამოუშვა. „ლურჯი პლანეტა“ უნდა ნახო, ფრანგული საუკეთესო კინოები უნდა ნახო და „ბიბისის“ პროდუქცია უნდა ნახო. აი, ეს დაგხვდება აქ და ამიტომ უნდა გადმორთო. შეიძლება, სასწაული არ არის, მაგრამ სერიალი პუაროზე იქნება და არ იქნება სერიალი, სადაც ქალი კომპიუტერს რეცხავს. ორგანიზაციები ქალთა უფლებებზე ლაპარაკობენ და რა სერიალები გადის, რა ხდება, ქალი რა მდგომარეობაშია წარმოდგენილი, 21-ე საუკუნეში ეს ელემენტარულად, სამარცხვინოა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.