ვასილ მაღლაფერიძე - პირველ არხს ექნება პრეტენზია, მაქსიმალურად გააშუქოს ყველა მოსაზრება, მაგრამ არ იქნება არავის კონტროლის ქვეშ

პირველი არხი არის და იქნება სრულად დამოუკიდებელი, არ იქნება არავის კონტროლის ქვეშ, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პირველ არხში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პირველ არხთან დღეს აქცია გამართეს ჯონდი ბაღათურიამ, გურამ ფალავანდიშვილმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და მათმა მხარდამჭერებმა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს აქციები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მიერ მიგრაციული პაქტის ხელმოწერის წინააღმდეგ”.  აგრეთვე, მათი მოთხოვნა იყო მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა.

აქციის მონაწილეებს პირველი არხის გენერალური დირექტორი და მენეჯმენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ “პირველ არხზე აქტიურად შუქდება ლიბერალების აზრი და, ზოგადად, ლიბერალური პოზიცია”.

„ჩვენი აზრი, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის აზრი პირველ არხზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი. პროპაგანდა მიდის მათი რაღაც თემატიკის, რეპერტუარს არ ჩამოვთვლი, თავად არჩევენ ამ რეპერტუარს და თქვენ აშუქებთ. არ მოვითხოვთ, რომ ჩვენ უფრო მეტად ვშუქდებოდეთ, არამედ მოვითხოვთ, რომ ჩვენი აზრიც იყოს წარმოდგენილი. ნუ გაგვრიყავთ. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა, რაზეც გვინდა რომ ახლა შევთანხმდეთ, არის ის, რომ მიგრანტთა პაქტის ირგვლივ განვითრებული მოვლენები შუქდებოდეს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

შეხვედრაზე გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ “პირველი არხის პროგრამების ბადე დგება დასავლეთის კურსით, რომელიც მიუღებელ პროპაგანდას შეიცავს”.

„პირველი არხი კომუნისტურ პერიოდში ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის დიქტატს, ახლა ეკუთვნის მეორე ბატონის დიქტატს, არ არის ეროვნული. ფაქტობრივად, პროგრამების მთელი ბადე დგება დასავლეთის კურსით, რაც მიუღებელია“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

როგორც მათ საპასუხოდ ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, პირველ არხს ექნება პრეტენზია, რომ მაქსიმალურად გააშუქოს ყველა მოსაზრება, ფიქრი, ტკივილი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ არ იქნება არავის კონტროლის ქვეშ.

„ნებისმიერ საზოგადოებას ახასიათებს, რომ მათ უნდათ, თავისი გავლენა მოახვიონ თავს და ამ მიმართულებით ჩვენც ხშირად განვიცდით შემოტევებს. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან ყველაზე მძაფრი კრიტიკიდანაც კი რაღაც სასარგებლოს გამოიტან, მაგრამ გარწმუნებთ, ფაქტია და ჩვენ პოზიციაა, რომ არავის კონტროლის ქვეშ პირველი არხი არ იქნება. დღეს არც ჩვენ ქვეყანაში და არც სხვაგან არ დგას საკითხი ისე მარტივად, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას ჰქონდეს ეს სურვილები. ბევრი ინტერესთა ჯგუფია, რომ მხოლოდ მისი მოსაზრება უნდა დომინირებდეს, მაგრამ პირველ არხს ექნება პრეტენზია, რომ მაქსიმალურად გააშუქოს ყველა მოსაზრება, ფიქრი, ტკივილი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.