ვასილ მაღლაფერიძე - ოპოზიციაში ზოგიერთი დაბალი კვალიფიკაციისაა, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რომ ეუთო/ოდირზე არაფრის თქმა და ევროკავშირზე აგენტის დაძახება არ შეიძლება
ვასილ მაღლაფერიძე - ოპოზიციაში ზოგიერთი დაბალი კვალიფიკაციისაა, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რომ ეუთო/ოდირზე არაფრის თქმა და ევროკავშირზე აგენტის დაძახება არ შეიძლება

პარტიების გადასაწყვეტია, შევლენ თუ არა პარლამენტში, შეიძლება, მათ სულ დაანებონ თავი პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაგვი აღმა დაიწყებს დინებას და რამე კრიზისი შეიქმნება, – განაცხადა ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„კრიზისი თუ იქნება და „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, მთავრობა დააკომპლექტოს, მაგალითად, თუ იმ 76 მანდატს დააკლდება, ვიღაცები გამოვლენ, იკამათებენ, იჩხუბებენ, რაღაცას ვერ გაიყოფენ და რაღაც მოხდება, რაც თავისუფლად მოსალოდნელია, რადგან ბევრჯერ მოხდა, იქ გამოცხადდება ახალი არჩევნები და ეგ იქნება. ასე რომ, რამე განსაკუთრებულს ნუ ველოდებით“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, მაგრამ ოპოზიციას ამის აღიარება არ სურს.

„საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, ნორმალურად ჩატარდაო და ახლა, ესენი რომ იძახიან, ეუთო ისეთი არაფერიაო, ეგ როგორ არის?! იმ პარალელურ დათვლებსაც ისე ივიწყებენ, თითქოს არაფერი, მაგრამ მე ვერ ვივიწყებ. პარალელური დათვლა რომ ცესკო-ს შედეგებთან ერთი-ერთში ჯდება, ეს ძალიან დამოკლეს მახვილივით ხომ კიდია?! ახლა მთლად ამერიკის ელჩი და სახელმწიფო მდივანი რომ ლაპარაკობს, ნორმალურად ჩატარდაო, ფეისბუქში რომ ვიღაც თავქარიანი ამბობს, ეგ პომპეო ვინ არისო, იმას უნდა დავუჯეროთ?!“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ზოგიერთი დაბალი კვალიფიკაციისაა, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რომ ეუთო-ოდირზე არაფრის თქმა და ევროკავშირზე აგენტის დაძახება არ შეიძლება.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, საქართველო მსოფლიოზე ძალიან არის დამოკიდებული და საერთაშორისო საზოგადოების აზრი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

„ჩვენ ტელევიზორში შეიძლება, გავილაღოთ, მაგრამ საქართველო კი არა, დიდი ქვეყნები და მათ შორის, აშშ-იც ძალიან არის დამოკიდებული მთელ მსოფლიოზე. მოდით, მთელ მსოფლიოს თავი დავანებოთ, მაგრამ საქართველო ძალიან არის ამაზე დამოკიდებული, რადგან ერთი მხრივ, გარკვეულწილად, მსაჯობის ელემენტი შემოდის და მეორეა ჩვენი თანამეგობრობაში მონაწილეობა. იმიტომ ხდება ეს დაკვირვება და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საქართველოს არ აქვს უფლება, ამ სიტუაციაზე ხელი აუკრას. ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკს არ ახსენებენო, მაგრამ ფეხბურთში რისთვის არის მსაჯი? შეიძლება, შენ არ მოგეწონოს და მაისურიც შემოიფხრიწო, მაგრამ მსაჯი რომ გეტყვის და ზედ დამკვირვებლები, ამ სიტუაციასთან თამაში არ შეიძლება. როცა მსაჯი ასე ჩათვლის და ტაბლოზე ანგარიში წერია, შენ შეგიძლია, მინდორი დატოვო და ამ გზით წახვიდე, მაგრამ ამას რა გაგრძელება აქვს?“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა, რომ შეიძლება, გაგრძელდეს განუწყვეტელი ხმაური და რადიკალიზაციის მუდმივი მცდელობა, მაგრამ არა ამ მასშტაბის, რადგან დიდი რადიკალიზაცია ვერ მოხდება.

„ამით შეიძლება, იყოს შემდეგი – ერთი, ლოდინი, რომ შიგნით „ქართული ოცნებაში“ შეიძლება, რაღაც მოხდეს და ერთ მშვენიერ დღეს ფრაქციებად დაიშალოს, მერე რომელიმე ფრაქციამ აღარ მისცეს ხმა და რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდეს. ასეთ შემთხვევაში მარტივად ჩატარდება ორპარტიული არჩევნები, რადგან ამ ხნის განმავლობაში რადიკალურ ნაბიჯები რომელიღაც პარტიის ამპლუაში ჯდება, მაგრამ რომელიღაც პარტიის ამპლუაში აბსოლუტურად არ ჯდება და ესენი თანდათან ჩამოშორდებიან ტელეეკრანებს. ისინი რუზრუზში ძლიერები არ არიან. სხვა რამეში არიან ძლიერები და შემჩნეული. მათი სტილი უფრო არის კაბინეტური, დავარცხნილი სიტყვა-პასუხი, კალამი, პრესკონფერენცია და ქუჩას რად უნდა ეს? დააკვირდით, ესენი თანდათან განაცხადებენ, ამას ვემიჯნები, იმას ვემიჯნებიო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.