ვასილ მაღლაფერიძე - მე მაინც ვფიქრობ, რომ პარლამენტში შევლენ, რადგან სხვა გამოსავალი არ არის, მეორე გამოსავალი რევოლუციაა, რევოლუცია კი არა, რაღაც ამბავი, რომელიც არ მოხდება
ვასილ მაღლაფერიძე - მე მაინც ვფიქრობ, რომ პარლამენტში შევლენ, რადგან სხვა გამოსავალი არ არის, მეორე გამოსავალი რევოლუციაა, რევოლუცია კი არა, რაღაც ამბავი, რომელიც არ მოხდება

2012 წელს იმ არეულობაში პირველი არხი გამორჩათ, ახალი ინსტრუქცია დროზე ვერ შეატყობინეს და ამ არხმა ის გამოაქვეყნა, რაც შუადღეზე იყო დაწერილი, – ამის შესახებ ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ცნობილია, რას აჩვენებდა პირველი არხის პარალელური დათვლის შედეგები 2012 წელს. იმ არეულობაში ეს არხი გამორჩათ, დროზე ვერ შეატყობინეს და შუადღეზე რა ინსტრუქციაც ჰქონდათ მიცემული, იმას აჩვენებდნენ. მიუხედავად იმისა, გახსოვთ, მაშინდელმა „რუსთავი 2“-მა ეგზიტპოლის რა შედეგები დადო, ამ არხს უბრალოდ, არ უთხრეს და პირველმა არხმა ის გამოაქვეყნა, შუადღეზე რაც იყო დაწერილი. თქვენ ამ არჩევნებზე ლაპარაკობთ, დემოკრატიული იყოო? მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გეუბნებით ახლა ამას, ღიად“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ განცხადებით ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ ექსპერტს, ნიკა ჩიტიძეს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წელს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, 2012 წლის არჩევნები საერთოდ არ იყო არჩევნები და თუ ვინმეს ჰგონია, რომ 2012 წელს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მან საერთოდ არ იცის, არჩევნები რა არის.

„თქვენ არ დაგავიწყდეთ, მანამდე 600 000 კაცი რომ გამოვიდა ქუჩაში და ახლა ეს ხალხი ვერ დახვრიტეს, ერთი დღე იყო ამ სიტუაციაში“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიარა და ეს უნდა მივიღოთ.

„მსაჯებმა თქვეს? – თქვეს; დამკვირვებლებმა თქვეს? – თქვეს; შედეგი არის? -არის. აგერ არის ტელევიზიები, უამრავია და ეს არ გაუშვებს, ის გაუშვებს. მოდით, ჩავრთოთ ვიდეო, მაგალითად, 68-ე, ან 69-ე უბანზე და გადავთვალოთ ეს ბიულეტენები. ხო ამას ამბობენ? ჰოდა, ვნახოთ, თუ რაღაც დარღვევაა. მერე მეორე გადავთვალოთ, მესამე და ვნახოთ შედეგები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შედეგი იგივე იქნება. ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, ამ შედეგების პირობებში როგორ უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შევა, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ, არ არსებობს.

„მე მაინც მგონია, რომ ისინი პარლამენტში შევლენ, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. რატომ იცით? იმიტომ, რომ მეორე გამოსავალი რევოლუციაა. რევოლუცია კი არა, რაღაც ამბავი, რომელიც არ მოხდება. კიდეც რომ გეშინოდეს რევოლუციის, ცუდია და უბედურებააო, ეგეც არ მოხდება და იქნება იმ პარტიის რუზრუზი. ამასობაში, ეს პატარა პარტიები ჩაიკარგება და ერთ მშვენიერ დღეს ჩაქრება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა, რომ წინასწარ მიდის ფონის დამძიმება, რათა პარლამენტში ვინმე არ შევიდეს.

„წინასწარ მიდის დატვირთვა და ფონის დამძიმება, რომ იქ ვინმეს არ შეუცდეს ფეხი. ახლა ეს ხდება და ამას გინდ მძევალი დაარქვით, გინდაც სხვა რამ, მაგრამ ვიღაცას გადაწყვეტილი აქვს, პარლამენტში არ შევიდეს. ვიღაცები ემიჯნებიან, არ ემიჯნებიანო და იცით, როგორ არის? ქორწილში სიძემ და პატარძალმა რომ თქვას, ქორწილი კი მინდა, მაგრამ სიძე არ მინდაო, როგორ გამოვა ახლა ეს, მარტო ცეკვა-თამაში გინდა?! ასე არ გამოდის, ჩემო ბატონო. ის პარტია ამას კატეგორიულად არ ემიჯნება; იმ პარტიას ძალიან გამოკვეთილი მიზანი აქვს და ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს. სააკაშვილი, რომელსაც ბევრზე ათჯერ მეტი გამოცდილება აქვს, საკუთარ თამაშს თამაშობს და რასაკვირველია, ეცდება, ესენი პარლამენტში არ შევიდნენ, ხოლო თუ შევლენ, ბოლომდე იქნება იმ ადამიანების მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება, ვინც იქ შევა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას ეუბნებიან, გამოდი, მოედანზე ითამაშეო და თუ არ გამოვა, ეს წაგებად ჩაეთვლება და მოედანზე სათამაშოდ სხვა გამოვა.

„ცნობილი ამბავის არ იყოს, თამადობის, არ გამოვა და სხვა მოჰკიდებს ხელს მაგ სიტუაციას. აი, ეს ვითარებაა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, აშკარად შესამჩნევია პოლიტიკური ძველბიჭობა, რომელსაც უნებურად, მედიაც უწყობს ხელს.

„ყოველდღე ამის ტირაჟირება ხდება – აბა, შეხვალთ თუ არ შეხვალთ; აბა, ვინც აქ შევიდეს, ვინც არ შევიდეს; ამის ისე და იმის ისეო, ამის ჩვენება მიდის და სინამდვილეში, არჩევნები რატომ ტარდება?! იმიტომ, რომ განისაზღვროს, ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა და ვინ არ უნდა მართოს. თუ ადამიანები არ იქნა არჩეული, შეიძლება, ყოველდღე ტელევიზორში უყურო და მათი აზრი ისმინო, ხვალ როგორი ამინდი იქნება, სეტყვა მოვა თუ არა, ყურძენს როგორი შაქრიანობა აქვს და ასე შემდეგ?! ეს ადამიანებს აბნევს და მაინც არის იმედი, რომ ამ პოლიტიკური ძველბიჭობიდან გამოვალთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.