ვასილ მაღლაფერიძე - მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პირველ არხზე მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებას ყოველდღიურად ჰქონდეს ინფორმაცია
ვასილ მაღლაფერიძე - მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პირველ არხზე მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებას ყოველდღიურად ჰქონდეს ინფორმაცია

პირველ არხზე მიმდინარეობს სიღრმისეული რეფორმა და მომზადებულია სპეციალური პრეზენტაცია, რათა საზოგადოებამ უფრო კარგად გაიგოს ამ პროცესების შესახებ, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, სწორედ ამ რეფორმებსა და პროცესებზე იყო საუბარი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ტელევიზიაში სტუმრობისას.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის ქვეყანაში მედიაპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი. კახა ბექაურს გავაცანით პირველ არხზე მიმდინარე პროცესები, რათა სწორი წარმოდგენა შეექმნათ მარეგულირებელსაც და საზოგადოებასაც. არ დავმალავ იმასაც, რომ არსებობენ გარკვეული ინტერესჯგუფები, რომლებიც შეგნებულად ცდილობენ პროცესების დამახინჯებულად წარმოჩენას. რასაკვირველია, ყველაფერს ამას პასუხი გაეცემა. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებამ ყოველდღიურად იცოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესების შესახებ”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ინფორმაცია მოიცავს წინა წლებში არსებულ მდგომარეობას, საკადრო პოლიტიკასა და მართვას,  ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯებს, განახლებულ ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ გადაიარაღებას, ავტოპარკის განახლებას, ახალ სატელევიზიო ეთერს,  შვიდენოვან ვებპორტალსა და მობილურ აპლიკაციას. კახა ბექაურმა პირველი არხის ინტეგრირებული ნიუსრუმი და რადიოს განახლებული სტუდიაც დაათვალიერა.