ვასილ მაღლაფერიძე - გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოს პირველი არხით ადამიანებს ის ინფორმაცია მიეწოდებათ, რასაც ჟურნალისტი ფიქრობს, ამას უფრო ხმამაღლა ვიტყვით და დავამტკიცებთ
ვასილ მაღლაფერიძე - გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოს პირველი არხით ადამიანებს ის ინფორმაცია მიეწოდებათ, რასაც ჟურნალისტი ფიქრობს, ამას უფრო ხმამაღლა ვიტყვით და დავამტკიცებთ

გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოს პირველი არხით ადამიანებს ის ინფორმაცია მიეწოდებათ, რასაც ჟურნალისტი ფიქრობს, ამას უფრო ხმამაღლა ვიტყვით და დავამტკიცებთ, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„სულ უახლოეს პერიოდში საქართველოს პირველი არხი დაიკავებს იმ ადგილს, რაც ჩვენთვის სამაგალითო ქვეყნებში უჭირავს. ეს არის აუცილებელი, რომ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიეწოდებოდეთ, ის, რასაც ჟურნალისტი ფიქრობს და ეს არ ატარებდეს რომელიმე მედიამფლობელის ინტერესებს. ჩვენ ამის პრეტენზია გვაქვს, რომ ეს ასეა, ამას უფრო ხმამაღლა ვიტყვით და დავამტკიცებთ. მეტსაც გეტყვით, თუ დღეს ამას ვინმე ობიექტურად შეისწავლის, შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს პირველი არხი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ის ევროპაშიც არის და აქაც უნდა იყოს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად უნდა არსებობდეს, რომელიც იქნება დაბალანსებული და მეტნაკლებად დაცული. საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების მანძილზე ძალიან სუსტი იყო, დღეს კი ამ პოზიციებს იბრუნებს. ამას გარკვეული დრო უნდა. მათ შორის, ნდობის დაბრუნებას, რადგან ხშირ შემთხვევაში, წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ხდებოდა პრობლემების წარმოქმნა. მისი რესურსი იფლანგებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ სხვას ხმარდებოდა და ასე შემდეგ. თუმცა, ეს ტელევიზია იყო მშობელი ყველა ტელევიზიისა და რადიოსი“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პირველ არხს ჰყავს სამეურვეო საბჭო, რომელიც ბალანსით ირჩევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ლოზუნგით, ზოგს მაუწყებლის დაბრუნება უნდა და ზოგს რა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სამეურვეო საბჭოში არიან ოპოზიციის მიერ არჩეული ადამიანები, არიან სახალხო დამცველის მიერ არჩეულები, უმრავლესობის მიერ არჩეულები და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მუდმივად გამჭვირვალე პროცესია. ჩვენ გვაქვს ამის პრეტენზია, რომ საქართველოს პირველი არხი დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველანაირად დაბალანსდეს, ჩაურევლობით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.