ვასილ მაღლაფერიძე - გაივლიან, გამოივლიან, რაღაც ეწყინებათ და იტყვიან, პირველი არხი ფინანსდებაო, არ მგონია, ეს ე.წ. დამადლება ადამიანურად კარგი ტონი იყოს მათ მიმართ, ვინც დილიდან საღამომდე შრომობს
ვასილ მაღლაფერიძე - გაივლიან, გამოივლიან, რაღაც ეწყინებათ და იტყვიან, პირველი არხი ფინანსდებაო, არ მგონია, ეს ე.წ. დამადლება ადამიანურად კარგი ტონი იყოს მათ მიმართ, ვინც დილიდან საღამომდე შრომობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ხშირად იმეორებენ მაუწყებლის ბიუჯეტის თანხას – 80 მილიონს, რაც არ არის ზუსტი.

„ხდება ხოლმე, რომ ადამიანები გაივლიან, გამოივლიან, რაღაც ეწყინებათ და იტყვიან ხოლმე, აი, პირველი არხი ფინანსდება. ე.წ. ეს დამადლება ადამიანურად არ მგონია, რომ კარგი ტონი იყოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დილიდან საღამომდე შრომობენ. ამავე დროს, მინდა გითხრათ, მაუწყებელი არ არის ერთადერთი, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს თანხას, დამეთანხმებით, ამ დარბაზშიც, ამ ტიპის დაწესებულებაში ვარ, არ არის ეს კომერციული დაწესებულება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რაში იხარჯება მაუწყებლის ბიუჯეტი. მან მიმართა დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ „მაუწყებელს წარმოუდგენელი ოდენობის ბიუჯეტი აქვს, რაღაც საოცარი რიცხვებია 82 მილიონი ლარი“.

„ჩვენი ბიუჯეტი გასულ წელს იყო 58 820 000. თქვენ ამბობთ 80 მილიონს, თითქოს, რა იცვლება, მაგრამ თქვენ ხომ ფინანსისტი ხართ, მესამედს უმატებთ, რათა უფრო მეტად ტრაგიკული აღმოჩნდეს ეს ვითარება. ფაქტი გითხარით და შემდეგში ეს გაასწორეთ ხოლმე, ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც ვერ წაუვალთ. თქვენ გვიმტკიცებთ ამ ბიუჯეტს და ყოველი წელს ჩემზე ადრე იცით ეს თანხა. ბატონო რომან, რომ არ იწვალოთ, 80 მილიონს რომ ამბობთ, იცით საკასო შემოსავლები გვაქვს, კრედიტი გვაქვს აღებული და შენობა შენდება, ის ემატება ბიუჯეტიდან, ბიუჯეტიდან რაც მოგვდის, არის 58 მილიონი. მე მგონი, არის განსხვავება 20 მილიონში.

ვფლანგავთ თუ არა? – რაც მე ჩამოვთვალე, ბატონო რომან, აქ არ შეიძლება ფლანგვაზე ლაპარაკი, კიდევ რომ ჩამოგითვალოთ, რა ფილმები იწარმოება, რა ხდება, არ არის ასე იოლად სათქმელი, რომ იფლანგება. ადამიანები არიან იქ, ცოცხალი ადამიანები, მაგარი ნიჭიერი ადამიანები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ დეპუტატებს გააცნო ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ სხვადასხვა ქვეყნების მიერ მაუწყებლების დაფინანსების შესადარებლად გამოყენებული მიდგომა, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი მაუწყებლების წლიური ბიუჯეტის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ ისაუბრა რეკლამის თაობაზე.

„რაც შეეხება რეკლამას, როდესაც მოვედით, სამი-ოთხი წლის წინ, საერთოდ ნული იყო რეკლამა. გარდა იმისა, რომ ეს მოტივაციას კლავდა, სპორტულ პროგრამებზე გვიშლიდა ხელს და ა.შ. პრაქტიკულად, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს სრულად ჰქონდა აკრძალული და საზოგადოებრივ ინტერესებს დაქვემდებარებულ არხს აკრძალული ჰქონდა, რომ ისევ საზოგადოების სასიკეთოდ მოეხმარა. დღეს გეტყვით, როგორც არის. ჩვენ ეს რეკლამა მივიღეთ მთელი რიგი შეზღუდვებით და აქედან ჩვენი შემოსავალი არის დაახლოებით ოთხი მილიონი. ევროპაში დაახლოებით არის 79 პროცენტი, საჯარო შემოსავალი ჰქვია, ანუ რასაც ბიუჯეტიდან იღებენ, 20 პროცენტს რეკლამიდან. ჩვენ მხოლოდ ხუთ პროცენტს ვიღებთ რეკლამიდან, მეტის უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.