ვასილ მაღლაფერიძე - დავით გარეჯის თემა არჩევნებს დაუკავშირეს, მორჩება არჩევნები, მაგრამ ეს თემა უნდა გაგრძელდეს და ღმერთმა ქნას, დასრულდეს ისე, როგორც ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს
ვასილ მაღლაფერიძე - დავით გარეჯის თემა არჩევნებს დაუკავშირეს, მორჩება არჩევნები, მაგრამ ეს თემა უნდა გაგრძელდეს და ღმერთმა ქნას, დასრულდეს ისე, როგორც ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს

არის თემები, როდესაც ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ, რომ არის ერთიანობა და იქ მთავრდება ყოველგვარი პოლიტიკა, – ამის შესახებ ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, გამოჩნდა შანსი, რომ დავით გარეჯზე სამართლებრივ დონეზე დავიწყოთ დიალოგი და დისკუსია.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ბოლოს ყველას გვესმოდა და ვაკვირდებოდით, რომ ისე არ მიდიოდა საქმე, როგორც უნდა გადაწყვეტილიყო. იქ ვმუშაობდი თავის დროზე რესტავრაციაზე და საბჭოთა კავშირის დროსაც ყველამ იცოდა, რომ საზღვარი გადიოდა ქედის ქვემოთ. ეს ცნობილი ფაქტი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირში საზღვარს მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. საქართველოს აქვს სამწუხარო გამოცდილება, როცა თავს ზემოთ ძალა არ არის, მაგრამ ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან გასაკვირი, შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელიც იყო ცალკეული კომენტარები.

ჩვენ არ გვიპოვია ოქროს საწმისი, რომელიც რაღაცას შეცვლის ერთი ხელის მოსმით, მაგრამ გამოჩნდა შანსი, რომ სამართლებრივ დონეზე შეიძლება, დავიწყოთ დიალოგი და დისკუსია. იყო კომენტარების ერთი ნაწილი, რომ მოდი, არ ვაწყენინოთ აზერბაიჯანს. ნამდვილად, ეს ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ამაზე არავინ ფიქრობს და მეორე, რა დროს ეს არის, თითქოს პატარა ბავშვს თაფლავენ. რასაკვირველია, ეს სრულიად არასერიოზული განწყობაა, რადგან ჯიბეში ჩარჩენილ კანფეტებზე კი არ არის საუბარი, საუბარია ტერიტორიაზე, თანაც განსაკუთრებულ ტერიტორიაზე, საკრალურ ადგილზე. დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული, როცა ვხედავდით, რომ ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საქმე იქითკენ, რომ საქართველო ამ ტერიტორიას კარგავდა. გვესმოდა, რომ პერიოდულად დაკეტავდნენ, შემდეგ გახსნიდნენ, შეგუების პრინციპია დაწყებული. მეზობელი სახელმწიფოც ძალიან რბილად იქცეოდა და ითვალისწინებდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც ხომ მოეწერებოდა ხელი ამ ხელშეკრულებას?“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, დავით გარეჯის თემა არჩევნებს დაუკავშირეს, სამ დღეში მორჩება არჩევნები, მაგრამ ეს თემა უნდა გაგრძელდეს და ღმერთმა ქნას, დასრულდეს ისე, როგორც ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს.

„ადამიანი ბურუსში რომ მოექცევი, რომ აგიცდება ბილიკიდან ფეხი და ერთი მეტრით აცდები, ერთი კილომეტრის შემდეგ, ასი მეტრით ხარ აცდენილი და როცა პოლიტიკურ ბრძოლაში ან ბოღმაში ჩაერთვები, იქაც ასე აგაცდენს გზას. შემდეგ შეიძლება დაფიქრდე. შევატყვე, ერთმა-ორმა ადამიანმა მოინანია. დამკვირვებლები კარგია, რომ ჩამოვა და დაგვაკვირდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ თვითონაც დავაკვირდეთ საკუთარ თავს. არის რაღაც თემები, სადაც ერი უნდა იყოს აბსოლუტურად ერთიანი. არის რაღაც საკითხები, სადაც ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არის ერთიანობა და აქ მთავრდება ყოველგვარი პოლიტიკა. აქ რევერანსებს ვერ დავიწყებთ და კარგი იქნება, თუ ბურუსში მოხვედრილი ადამიანები ამ სამი დღის შემდეგ მაინც გამოვლენ ამ ბურუსიდან და დაუბრუნდებიან სწორ ბილიკს. ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ინტერესები. ჯერ ერთი, დისკუსიით არავინ ნაწყენდება, ყველას მიუღია მონაწილეობა, მეორეც, აქ ამოსავალი წერტილია არა ვინმეს განაწყენება, არამედ საკუთარი ინტერესის დაცვა, რადგან მტერმა არ ქნას, ამ გზით წავიდეს, ვინმე არ განაწყენდეს, თორემ გარწმუნებთ, სამ დღეში აღარ შეგვრჩება არაფერი. ნებისმიერ სიტუაციას ეხება ჩერჩილის ნათქვამი, რომ ინგლისს არ ჰყავს მარადიული მეგობრები, აქვს მარადიული ინტერესები. ძალიან მინდა, რომ მეგობრები გვყავდეს, ყველასთან უნდა ვიმეგობროთ, მაგრამ საქართველოს აქვს თავისი მარადიული ინტერესები და ეს უნდა დავიცვათ. მხოლოდ ამ პრინციპით უნდა გამოვიდეთ. ნებისმიერი სხვა განწყობის ადამიანის არც მოლაპარაკებაზე გაშვება შეიძლება და არც მისი პოლიტიკასთან მიკარება. იყო დაუფიქრებელი რეპლიკები – განაწყენება, გაზის შეწყვეტა. ეს იყო ბოღმის ბურუსში მოქცეული ადამიანების კომენტარები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.