ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენი მედიასივრცე წალეკვის წინაშეა აგრესიული უგემოვნობით
ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენი მედიასივრცე წალეკვის წინაშეა აგრესიული უგემოვნობით

ჩვენი მედიასივრცე წალეკვის წინაშეა აგრესიული უგემოვნობით, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენთან მედიაკრიტიკა არ არსებობს. მედიაექსპერტობას ბევრი იჩემებს, მაგრამ ამ სფეროში პრაქტიკულად, ვერავის ვხედავ, ვისაც ეს საკითხი აწუხებს ან კარგად ესმის. იმიტომ, რომ დაწერილს ვერაფერს ვხედავ. მედიაბულინგს და „ფეისბუქში“ ლანძღვას მრავლად ვხედავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ გაანალიზებას, ჩვენთან რა ტიპის პროდუქცია შემოდის.

ხშირ შემთხვევაში, ეს არის უკიდურესად სამარცხვინო და ამისგან ქვეყნები თავს იცავენ. უმდარესი ხასიათისა და ხარისხის სერიალებით თუ სხვა პროდუქციით უგემოვნობის ექსპორტირება ხდება და ეს ბიზნესად არის ქცეული. წარმოიდგინეთ, ბაზარზე უკვე გაფუჭებული, ჩამოწერილი პროდუქტები რომ იყოს დალაგებული და არავინ ამას აკონტროლებდეს. მედიასივრცეში დღეს ეს ხდება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ სერიალებს, არამედ მთელ რიგ გადაცემებს.

„მერე რა, რომ იქ რეიტინგი იწერება?! იმ დროს გაგახსენებთ, რუსთაველის კინოთეატრი რომ გარემონტდა და გაიხსნა ის, რაც იყო, რომელმაც დიდი ფუნქცია შეასრულა, ამ დროს დაიწყო შემოსვლა ბრწყინვალე ფრანგულმა ფილმებმა. თითქოს, ეს პატარა ფანჯარა გაიხსნა და რაღაცები ვნახეთ; იქ ბელმონდო ვნახეთ, ალენ დელონი და ასე შემდეგ, პირობითად ვამბობ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ დეზერტირების ბაზრისკენ იყო ერთი კინოთეატრი და იმ ფილმებზე იქ მეტი მიმსვლელი იყო. მე ძალიან მაღალი კატეგორიის ინდური კინემატოგრაფი მინახავს, მაგრამ იქ არ იყო ეს კინემატოგრაფი შემოსული. ასე რომ, ამას თავისი ხელშეწყობა უნდა. განსაკუთრებით, როდესაც ახალგაზრდობაზე ვლაპარაკობთ და როდესაც ეს ყველაფერი ფაქტობრივად, უკონტროლოდ არის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ხშირად მიდის საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ფულით ფინანსდება, მაგრამ ვინც ამას ამბობს, ნაკლებად აცნობიერებს, რომ დღეს ეს არის მომღერლების, რეჟისორების და ასე შემდეგ დაფინანსება.

„რა გვინდა, რომ რისკენ წავიდეს ეს ყველაფერი, უმდარესი პროდუქციისკენ თუ შიგნით ვაწარმოოთ და ეს განვითარება მოვიდეს? რაც უფრო მაღალი გემოვნების მაყურებელია და რაც უფრო მაღალი გემოვნების ვითარებაა, ის ქვეყნები აღწევენ წარმატებას. თუ ჩვენს მაყურებელს გემოვნების დეგრადირება მოვუხდინეთ, თვითონ გადავინაცვლებთ მესამე ქვეყნების სიაში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ დეკულტურიზაცია ძალიან დიდი პრობლემაა.

„ის პოლიტიკური ამბავი ნაკლებად მაწუხებს, ერთმანეთს რომ გალანძღავენ, ან შეაქებენ. ბოლოს და ბოლოს, რაც არიან, ესენი არიან; გალანძღავენ ერთმანეთს, ან შეაქებენ და ადამიანები არჩევანს აკეთებენ, მაგრამ ამას რა ვუყოთ, ამ ე.წ. დეკულტურიზაციას, რომელსაც ძალიან მიზანმიმართულად ახდენენ? ძალითო, ვერ დავაბრალებთ. უბრალოდ, დეკულტურიზებული ადამიანები ახდენენ მერე გავლენას და ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელს ვამბობ და ამაზე თანდათან ხმა უნდა ამოვიღოთ. ამაზე არ ლაპარაკობენ და მერე იწყება ყალბი კოლეგიალიზმის საუბრები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

დატოვე კომენტარი