ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონით და მოქმედების სხვა გზა არ გვაქვს
ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონით და მოქმედების სხვა გზა არ გვაქვს

ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონით და მოქმედების სხვა გზა არ გვაქვს – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ მაუწყებლის მიერ გადაცემებისა და სერიალების შესახებ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით განაცხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო სულ ვალების გადახდაში, სხვა ტიპის პრობლემებს წყვეტდა, სამწუხაროდ, სხვა ტელევიზიებისაც. ჩვენ ახლა ვცდილობთ, შეიქმნას ის ბაზა და გამოცდილება, რომ შევძლოთ სერიალების გადაღება.

ტენდერით ვყიდულობთ ტელევიზორს, ტენდერით ვყიდულობთ ჭიქას, კომპიუტერს, რაც ტელევიზიას სჭირდება, მაგრამ ტენდერით ვერ იყიდი ფილმს და გადაცემას. რატომ? იმიტომ, რომ გადამწყვეტია ფასი, იმარჯვებს, რომელიც უფრო იაფია. გემოვნებას ვერ ჩამოწერ და ფასს ვერ დაადებ, ამიტომაც ეს პრობლემები იდგა, მაგრამ გადაჭრადია. ვფიქრობ, კარგად ჩამოვყალიბდით, იქნება მოძებნილი გამოსავალი. სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომელიც პირდაპირ შემოგვთავაზა ევროკავშირის მოთხოვნებმა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ქილიკზეა ორიენტირებული.

„ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა იწყება სიტყვის სრული თავისუფლების რეალიზება. ვოლტერი როდესაც ლაპარაკობდა სიტყვის თავისუფლებაზე, ის სხვა ტიპის თავისუფლება იყო, დღეს აღარ არის საჭირო, ვოლტერმა იბრძოლოს ვიღაცის სიტყვის თავისუფლებისთვის, აგერ გვაქვს „ფეისბუქი“ – მიდი, რაც გინდა, დაწერე. ფიქრი არ გაქვს დასრულებული, უკვე შეგიძლია პირველი წინადადების წერა დაიწყო.

ადამიანები უკმაყოფილოები შემხვდნენ, რატომ გაიმარჯვა იმ ფილმმა და ეს არ უნდა გექნაო – ვეუბნები კანონია, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა. გადაცემების კონკურსსაც გაგახსენებთ, ცუდი იყო კომისია თუ კარგი, ჩვენც გვქონია ცხარე კამათი ამაზე, ასე ჩავატარეთ თუ ისე, ჩვენ გვეგონა, რომ ნორმალურად ჩავატარეთ კონკურსი. იყვნენ ადამიანები პრეტენზიით, რას ქვია, შალვა რამიშვილი მეორე ტურში გადავიდაო.  მეორე ნაწილი მეუბნებოდა, რატომ შემოიტანა გია ჭანტურიამ და რას ქვია მეორე ტურში გადავიდაო. ჩვენ ვეუბნებოდით, მოდი, გადაწყვიტოს ამ კანონმა, როგორც არის წესი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს.

ადამიანები საუბრობენ ისე, როგორც უყურებენ თავის სამყაროს და ვალდებულნი ვართ, სათითაოდ გავცეთ პასუხი, მაგრამ დავუშვათ, რომ ადამიანები ზოგჯერ აცდენილები არიან რეალობას, მათ არ იციან, ისინი ასე უყურებენ. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონით და მოქმედების სხვა გზა არ გვაქვს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პირველ არხზე გადაცემების შერჩევა ღიად ხდება.

„კანონით ასეა, რომ გადაცემები ერთპიროვნულად უნდა შეარჩიოს გენერალურმა დირექტორმა. ჩვენ შევქმენით საკონკურსო კომისია, გნებავთ საკონსულტაციო, რომელმაც ის გადაცემები შეარჩია, რომელიც შემოიტანეს. კომისია ძალიან დაგვეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. ავარჩიეთ გადაცემები, მაგრამ ზოგიერთი გადაცემა შემდეგ სხვადასხვა მიზეზით არ მოგვეწონა, ზოგის რეალიზებაში აღმოჩნდა სირთულე და ა.შ. მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის, რაც ნებისმიერ ტელევიზიაში დახურულ ლაბორატორიაში მიმდინარეობს – შემოქმედებით პროცესი, აქ ღიად არის. ეს ჩვენი პროცესია. ჩვენ ვაგებთ პასუხს. შეიძლება შეცდომა დაუშვა და უშეცდომო ვინ არის? ასე იოლი რომ იყოს, ორ მივუმატოთ ორი უდრის ოთხს რომ იყოს ტელევიზია, დამთავრდა მაშინ, ბედნიერი იქნება ცხოვრება და დამდგარა სამოთხე ამქვეყნად. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ გადაცემებზე, რომელიც ეთერში გავა.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, რატომ აცვია ირაკლის შავი, მე გარწმუნებ, იქნება, რატომ მოიწვია პირველად დირექტორი, რატომ უკეთია სათვალე და ა.შ. უამრავი ტიპის დავას ვუყურებთ ჩვენ.

მე უკვე 60 წლის ვხდები და აღარ მაქვს დიდად გაღიზიანების დრო დარჩენილი – ვკითხულობ ფეისბუქზე ყველაფერს. ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. შეიძლება სიბრიყვის მშვენიერება არსებობდეს? ისეთ სიბრიყვეს წაიკითხავ ხოლმე ზოგჯერ, რომ თვითნაბადი სიბრიყვეა, ავთენტური“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.