ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ ვართ იმ სტადიაში, როცა ყველა განსხვავებული აზრი არის მტრული, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და კანონი კი არის, რომ ყველა აზრი უნდა წარმოჩინდეს
ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ ვართ იმ სტადიაში, როცა ყველა განსხვავებული აზრი არის მტრული, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და კანონი კი არის, რომ ყველა აზრი უნდა წარმოჩინდეს

ჩვენ ვართ იმ სტადიაში, როცა ყველა განსხვავებული აზრი არის მტრული, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და კანონი კი არის, რომ ყველა აზრი უნდა წარმოჩინდეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ნორმალურ ვითარებაში ეს, შეიძლება, მართლაც ასე გამოსულიყო, მაგრამ ამ პოლარიზებულ გარემოში გარკვეულწილად მომგებიან ვითარებაში არიან ის ტელევიზიები, რომლებსაც თავიანთი ნიშა უკავიათ და თავიანთ პოლიტიკურ თუ მსოფლმხედველობრივ ხაზს ქმნიან. ამას საწყენად არ მიიღებენ, რადგან ეს საწყენი არ არის. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა წარმოვაჩინოთ. ამ ნიადაგზე, ეს კანონში კი წერია და ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობას იწყებს, ყველამ ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში ეს იწვევს ყველას უკმაყოფილებას. ერთი ნაწილი უკმაყოფილოა, რატომ ამბობთ ამას, მეორე ნაწილი უკმაყოფილოა, რატომ მოდის ის, ის რატომ იყო ამდენი წუთი, მეორე რამდენი წუთი იყო, აი, თქვენ „ნაცები“ გახდით, აი, თქვენ იმის პროპაგანდისტები ხართ და ა.შ. ჩვენ ხომ ასე ვართ, ზოგი ნერვებს აჰყვება, ზოგი სამართლიანად, ზოგიც ისე და ეს არ არის ადვილი გასაძლები. დღესაც კი, როდესაც არხი ამ ვითარებაშია და უამრავ სრულიად დაუსაბუთებელ ბრალდებას ისმენს, ზოგი ამას გულწრფელად ამბობს და ამ ბრალდებების ტყვეობაშია, მაგრამ ზოგმა იცის, გამიზნულად რატომაც ქმნის და მეორე მხრიდანაც ზუსტად იგივე მოდის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო საბჭოს ორი წევრი, რომლებიც პირველ არხთან მიმდინარე აქციების მონაწილეთა პროტესტსა და პრეტენზიებს იზიარებენ, ორი-ორზე ფორმატს ითხოვდა, რის გამოც ბორდის 11-ვე წევრის მონაწილეობა ვერ მოხერხდა, რადგან გადაცემის მიზანია, საბჭოს ყველა წევრის პოზიციები ყოფილიყო მოსმენილი, ვასილ მაღალაფერიძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და რაც ქვეყანაში ხდება, არხზეც იგივე გადმოვიდა.

„საზოგადოებრივ არხს რომ ვამბობ, ეს, რაღაცნაირად, გულისხმობს ერთ მთლიან საზოგადოებას. ჩვენ რამდენად ვართ ერთი საზოგადოება, ეს არის კიდევ პრობლემა და რამდენად არის ერთი სამეურვეო საბჭო? პარლამენტმა კი დაამტკიცა ეს, მაგრამ რა ვითარებაში ვართ, რომ ერთი საზოგადოების წევრებს ასე მიაჩნიათ, მეტს ვერ ხედავენ და რაღაც პარიტეტს ითხოვენ. კანონთან არიან ვითარებაში, რომ ერთად დასხდომაც უკვე გახდა პრობლემა და ეს აქაც აისახა. ჩვენ რამე განსაკუთრებულს კი არ ვხედავთ, რაც ქვეყანაში ხდება, ის გადმოვიდა აქაც“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, პერიოდულად ისმის მოთხოვნები გადადგომის შესახებ და დღეს უფრო კონკრეტულად თქვეს, რომ გადადგეს არხის დირექტორი და ბორდი სამი წევრის გამოკლებით.

ვასილ მაღლაფერიძემ პირველ არხზე ნიკა მელიასა და „გირჩის“ ლიდერებს შორის გამართულ დებატებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დებატებით გაოცებულია.

„მეგონა, ეს დებატი არ გაიმართებოდა. როგორ, მოდიან-მეთქი? იმიტომ, რომ პოლიტიკოსები კი არა, ექსპერტები და ჩვეულებრივი ადამიანები იძახიან, იმასთან არ დავჯდები და აბა, ვინმემ გაბედოს და თქვას, მე დავჯდებიო. აქ რომ ბრტყელ-ბრტელს ლაპარაკობენ, ისე კი არ არის. ისეთი ბულინგი მოჰყვება უკან, შენ როგორ გაბედე იქ დაჯდომაო, ჯობია, მეორედ ეგ არ გამოთქვა. მე მერე ჩავრთე ტელევიზორი და ვნახე, რომ ჩვენ აბსოლუტურად არანაირად არ ვართ მზად დებატებისთვის იმ ნაწილშიც კი, ვინც გამოთქვა მზადყოფნა. ადამიანების ერთ-ერთი მახასიათებელი არის დიალოგი და დისკუსია, თორემ, აბა, ასე მარტორქაც დარბის პირდაპირ. პოლიტიკური პარტია კიდევ რა არის, გარკვეულ ჯგუფებს გამოხატავდა და მე დავინახე სრული შეუთავსებლობა. მაინტერესებდა, დებატში რას იტყვიან-მეთქი, მოქალაქე ვარ და სხვა მოქალაქეებსაც აინტერესებთ. პირდაპირ დრო დავნიშნე და ნახევარი საათი, იცით, რა ვისმინე? როგორ ლანძღავდა ერთი რესპოდენტი ჩვენს წამყვანს. პირველად ვიფიქრე, ერთი სიტყვა უთხრა და მესმის, ნაწყენია და შეიძლება, რაღაც თქვას, მაგრამ ნახევარი საათი ამაზე ლაპარაკობდა. მივხვდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რისთვის არის საჭირო, იცით, როცა არაფერი გაქვს სათქმელი, ანუ, როცა არ გინდა, რაღაც ილაპარაკო, მოდი, ვილაპარაკებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვიტყვი ერთსა და იმავე სიტყვებს. იმ საშინელ ყაყანში მივხვდი, რომ ერთ მხარეს არ უნდა, რაღაც კითხვებს უპასუხოს. მე კარგი მახსოვრობა მაქვს, მაგრამ თქვენ მინდა, გკითხოთ, ბატონი მელია რომ იძახდა, მე თქვენს ეთერში არასდროს არ ვყოფილვარ, თქვენ პროპაგანდისტები ხართ და არ მოგყავართო, ეს არის დიდი ტყუილი, ისევე, როგორც ბევრი, აქ რომ მოდის, ტყუილს ლაპარაკობს ხოლმე და ჩვენ ხშირად ამას პასუხს არ ვცემთ და არც თქვენ არ სცემთ პასუხს. ალბათ სწორად შვებით, რადგან ცდილობთ, რომ არ გაამწვავოთ, მაგრამ პოლიტიკოსი რომ ამბობს, მე აქ არ მეძახითო, ის აქ არა მარტო იყო, არამედ მძიმე შეურაცხყოფებს აყენებდა წამყვანს და თამთას. აქ ის არ არის, რომ პოლიტიკოსი და ჟურნალისტია, ასე არ საუბრობენ. გასაგებია, რომ ყველა ისე საუბრობს, როგორც შეუძლია, მაგრამ ჯობს, ადამიანებმა ასე არ ისაუბრონ. მე მეტიც მახსოვს, მეგონა, რომ ადამიანები ვართ, წყენა ვინ გამორიცხა და არ იქნებოდა, მაგრამ თამთამ რაღაცნაირად მოახერხა, თვე-ნახევარი გავიდა და ისევ ვუყურებ, რომ ისევ ეთერი ჰყავს, ეს ადამიანი კი მაინც ამას ამტკიცებს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მოკვდა დისკუსია.

„იცით, რა მეჩვენება? ჩვენ ქვეყანაში მოვკალით დისკუსია. აი, ეს მოკვდა, გარდაიცვალა და დისკუსია რომ მოკვდა, მე რასაც ვამბობ, ეს არის მხოლოდ სიმართლე, ყველა სხვა არის მტერი და მავნებელი. ეს ადგილი, სადაც განსხვავებული აზრი შეიძლება იყოს, ესეც უნდა მოკვდეს. მე მინდა, ყველა მხარეს ვუთხრა, რომ ეს თუ მოკვდება, ჩვენ სიტუაციას უფრო გავამწვავებთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.