ვასილ მაღლაფერიძე - ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რაც საქართველოს პირველ არხზე გავაკეთე
ვასილ მაღლაფერიძე - ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რაც საქართველოს პირველ არხზე გავაკეთე

ბევრი იყო შეგუებული აზრს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან არაფერი გამოვიდოდა, გამიჩნდა სურვილი, მეცადა, რომ ამ არხისგან რაღაც გამოსულიყო, – ამის შესახებ „პოსტივის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე იყო განწყობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნილიყო, მაგრამ მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აინტერესებდათ, როგორც მხოლოდ დამატებითი რესურსი.

„სამწუხაროდ, ბოლომდე მოხდა არხს ექსპლუატაცია, მათ შორის მატერიალური, სულიერი თვალსაზრისით. პირველ არხზე მოდიოდნენ, ამონტაჟებდნენ სამარცხვინო ფილმებს და მერე უშვებდნენ სხვადასხვა არხზე – „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ და უამრავი სხვა ასეთი ფილმი მომზადდა. პირველი არხი ყიდულობდა ფეხბურთის მატჩებს და შემდეგ აჩვენებდა „რუსთავი 2“. . . როდესაც მივედი ტელევიზიაში, პირდაპირი ჩართვის აპარატი არ ჰქონდათ, იმიტაციებს წერდნენ ჟურნალისტები. მატერიალური პირობები სრულიად გაუსაძლისი იყო. არასამთავრობოების შეკრება შედგა და მითხრეს, თითქოს მინდოდა არხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ვუთხარი, როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა ის არხი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც არის ფაქტობრივად ნული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი ბევრად წარმატებულია, მათ შორის იმ გუნდის დახმარებით, რომელიც ტელევიზიას ჰყავდა.

„პირველი არხის აქირავებდა საკუთარ სტუდიებს. ტელევიზია რომ საკუთარ სტუდიებს აქირავებს, მით უმეტეს ასეთი შესაძლებლობების მქონე ტელევიზია, ეს ნიშნავს, რომ სხვისი დანამატი ხარ. ვთქვი კიდევაც, რომ სამ წელიწადში წავიდოდი, იქნებოდა ეს წარმატებული, თუ წარუმატებელი. „კოვიდმა“ ცოტა დამაგვიანა. ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის, რაც საქართველოს პირველ არხზე გავაკეთე. ბევრი რამ გაკეთდა გუნდთან ერთად და ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. ვისი რა საქმეა, მე სად წავალ. მე არ ვარ „ტელევიზიონშიკი“, მენეჯმენტზე მაქვს პრეტენზია. მეცხრე არხზე სულ ორი თვე ვიმუშავე, რადგან მიმაჩნდა, რომ დიდი ბოროტება იყო ქვეყანაში, შემდეგ წამოვედი. ახლა არავის წინაშე ვალდებული არ ვარ. პირველ არხზე არის ძალიან ძლიერი კოლექტივი, ადამიანები, რომლებიც იქ დამხვდნენ. ისინი არიან პროფესიონალები, რომლებსაც ხელოვნურად აფერხებდნენ სხვადასხვა დროს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

დატოვე კომენტარი