ვასილ მაღლაფერიძე - ბილწსიტყვაობა სამკაულად იქცა, ვიღაც ამ სამკაულებს დიდი დოზით იკეთებს, ვიღაც არ იკეთებს
ვასილ მაღლაფერიძე - ბილწსიტყვაობა სამკაულად იქცა, ვიღაც ამ სამკაულებს დიდი დოზით იკეთებს, ვიღაც არ იკეთებს

ბილწსიტყვაობა სამკაულად იქცა, ვიღაც ამ სამკაულებს დიდი დოზით იკეთებს, ვიღაც არ იკეთებს და ასე შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს პროგრესია და ამით თავს იწონებენ. ეს მათთვის თვითგამოხატვის და თვითდამკვიდრების საშუალებაა, არა მხოლოდ მედიაში, არამედ საჯარო სივრცეშიც. საქმეში ღრმად ჩახედული ექსპერტები, რომლებიც არ გვაკლია, გვიხსნიან, რომ ჩვენი კანონმდებლობით, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და, ასე ვთქვათ, მოსულა. ჰოდა, რომ მოსულა, ვისაც როგორ უნდა, ისე გამოხატავს თავის ნააზრევს. სხვათა შორის, თვითგამოხატვა არის ის, რომ ადამიანი თვითონ რაც არის და როგორც უნდა, რომ სხვებმა დაინახონ, იმას გამოხატავს. ძველად, იმდენი არ იცოდნენ, რომ ბილწსიტყვაობა შეიძლებოდა, მაგრამ ანდაზა იცოდნენ – რომელ კოკაშიც რა დგას, იმას გადმოასხამო“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ განცხადებით ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვას უპასუხა, რატომ ხდება ბილწსიტყვაობის ნორმალიზაცია და რატომ დეგრადირდა ქართული მედია, რომელიც საზოგადოებას ამგვარ პროდუქტს სთავაზობს.

მისი თქმით, ბილწსიტყვაობა გარკვეული დროის განმავლობაში დაიმკვიდრებს თავს, მაგრამ შემდეგ, პროცესი ნელ-ნელა დალაგდება.

„ბილწსიტყვაობა მხოლოდ საქართველოში არ არის მოგონილი, რაც კაცობრიობა არსებობს, ადამიანებმა ეს სიტყვები ყოველთვის იცოდნენ. არის რაღაც პერიოდები, ღვინოსავით რომ აიმღვრევა ხოლმე, მერე ლაგდება და მერე არქმევენ ხოლმე სახელს. ნელ-ნელა, საზოგადოება შეთანხმდა და დაარქვეს – უზრდელი, ზრდილობიანი. მერე, უფრო ზრდილობიანებმა ერთად ამჯობინეს ყოფნა, უზრდელებმა ერთად და ა.შ. რასაკვირველია, ბილწსიტყვაობა ნერვებს გვიშლის, მაგრამ ეს მოწესრიგდება. ეს არ არის ტრაგედია. სანამ ადამიანებს ბილწსიტყვაობის მოსმენა მოეწონებათ, შეხედავენ, მაგრამ თუ აღარ მოეწონებათ, აღარ შეხედავენ, თორემ ტელევიზორიდან მოსმენა სულ რომ ავუკრძალოთ, ცარიელ ოთახში მოახერხებენ ამას – ჩაიწერენ და იმას მოუსმენენ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.