ვასილ მაღლაფერიძე – არასდროს ვიყავით ბევრნი, რაოდენობით არასდროს გაგვიკვირვებია ვინმე, მაგრამ გამოვიარეთ ეპოქები, „სიბრძნე სიცრუისა“ იწერებოდა, წიგნი იქმნებოდა, ესეც მოიტანა ქრისტიანობამ
ანტიკურმა ცივილიზაციამ დაამტკიცა, რომ ადამიანს დიდი საქმეების კეთება შეუძლია, მაგრამ ქრისტე მოვიდა და უთხრა, რომ სიყვარულის გარეშე არაფერი არ არსებობს. შეიძლება, ეს დღევანდელობისთვისაც გაფრთხილებაა, – ამის შესახებ ფილოლოგმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„მანამდე იყო, რომ მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთს, მერე კი ღმერთი შეეწირა მსხვერპლად ადამიანებს“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ეკლესია იყო ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი აბჯარი, რომელიც საქართველოს აერთიანებდა.
„ჩვენ ვართ განაპირას, საზღვარზე, მენაპირეები ვართ. მენაპირეობა ხომ საზღვრის დაცვას ნიშნავს და ყველა ქარტეხილი პირველ რიგში, აქაურობას ურტყამდა. ჩვენ როცა სახელმწიფო არ გვქონდა, გურულიც და კახელიც ერთიანობას ეკლესიით ინარჩუნებდნენ. იყო უფრო მძიმე წლებიც, ორი პატრიარქიც, მაგრამ ერთიანობას ინარჩუნებდნენ და ეს იყო უმნიშვნელოვანესი.
მეორე, რითაც ქართველებმა თავი შევინახეთ ამ ორომტრიალში, იყო ლიტერატურა. ბევრი ერი გაქრა, დღევანდელი ევროპის ბევრი ეთნოსი და ქვეყანა არ იხსენიება, სადღაც იყვნენ, მაგრამ არ იხსენიებიან, ჩვენთან უკვე წიგნი იწერებოდა და ეს იყო ძალა. ვამბობთ, ქართველები ვართ, სულ ვარსებობდით და სახელმწიფო გვქონდა, რამდენი ვართ? ოთხი მილიონი კინკილა ადამიანი, რაოდენობით არც არასდროს ვიყავით ბევრნი, ჩვენი რაოდენობით არც არასდროს გაგვიკვირვებია ვინმე, მაგრამ გამოვიარეთ ეპოქები, რადგან შევქმენით ყველა მთავარი ნიშანი. „სიბრძნე სიცრუისა“ იწერებოდა, წიგნი იქმნებოდა. ესეც მოიტანა ქრისტიანობამ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, არც ის არის შემთხვევითი, რომ წმინდა ნინო საქართველოში ვაზით შემოდის.
„ეს ქართველისთვის მნიშვნელოვანი იყო. ქალთან დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ ის თანასწორია, მისაღები იყო სხვა ეროვნებისადმი დამოკიდებულება. ის, რომ ქალი თანასწორია, ქართველებისთვის მსოფლმხედველობრივად ახლობელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, გადაცემის წამყვანმა ვასილ მაღლაფერიძეს მიმართა კითხვით, რა არის დღეს ქრისტიანობის მთავარი გამოწვევა თანამედროვე საქართველოში? როგორც ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, საქართველო მარტო ვერ იქნება ამ გამოწვევის წინაშე.
„ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ გამოწვევების წინაშე, ჩვენ რა გვწამს – ზევსის, მეხთამტყორცნის, თუ სიყვარულის, რომელი უფრო ძლიერია, ეს არის გამოწვევა. ქრისტიანობა არჩევანის თავისუფლებაც არის. ჩვენი ცხოვრება დაწერილი არ არის, ჩვენი არჩევანია, ჩვენ ვცხოვრობთ ამ არჩევანით და სამსჯავროს მოლოდინით, როცა განვისჯებით. ვფიქრობ, კაცობრიობის გამოწვევაა, ზევსის გვწამს, თუ ქრისტესი. დღეს ერთნაირად აქტუალურია ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.