ვასილ მაღლაფერიძე - ახალი პროექტი „მოქალაქე რეპორტიორი“ საშუალებას იძლევა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მოსახლეობას თავად მიაწოდოს ინფორმაცია და ის ყოველგვარი ფილტრის გარეშე განათავსოს
ვასილ მაღლაფერიძე - ახალი პროექტი „მოქალაქე რეპორტიორი“ საშუალებას იძლევა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მოსახლეობას თავად მიაწოდოს ინფორმაცია და ის ყოველგვარი ფილტრის გარეშე განათავსოს

ახალი პროექტი „მოქალაქე რეპორტიორი“ საშუალებას იძლევა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც მობილური ტელეფონი აქვს, მოსახლეობას თავად მიაწოდოს ინფორმაცია და ის ყოველგვარი ფილტრის გარეშე განათავსოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ეს ეხება პრობლემას, შემთხვევას, სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენას, რასაც ადამიანი შეესწრება. ამით შეუდარებლად იზრდება არეალი, საიდანაც შეიძლება, ინფორმაცია მოვიდეს. ერთი მხრივ, ამას აქვს თავისთავადი ღირებულება და მეორე მხრივ, ჩვენი არხისთვის და ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის ეს არის მასალა, რომ შემდეგ, ამას გაჰყვე“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, პროექტს ბევრი ფუნქცია აქვს, მათ შორის – ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენა. 

„ეს ძალიან საინტერესო იქნება ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამ სფეროში სწავლობენ, ან აპირებენ სწავლას, რომ ბედი უშუალოდ, აქ სცადონ. დარწმუნებული ვარ, აქ წარმატებული ადამიანები ყოველგვარი CV-სა და ფორმალობების გარეშე, შეიძლება, უცებ აღმოჩდნენ რომელიმე მედიასაშუალებაში“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ შესაძლოა, აღნიშნული პლატფორმა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იქნას გამოყენებული, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ამ პრობლემას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მოაგვარებს.

„ამ კუთხით, ფილტრი ნაკლებად იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები თუ გადაამოწმე, იდეა დაიკარგება. ამ პრობლემას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მოაგვარებს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ პლატფორმაზე გასაქანი არ მიეცემა უხამსობით გატაცებას.

„ეს ნახევრად ხუმრობით. თუმცა, ამას არაფერი ურევია სახუმარო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს „მოქალაქე რეპორტიორი“ იწყებს. ახალი პროექტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გახდნენ მოქალაქე რეპორტიორები. ამისთვის საჭიროა, მობილურ ტელეფონებში გადმოწეროთ 1tv reporter-ის აპლიკაცია, დარეგისტრირდეთ და გამოგზავნოთ ფოტო, ვიდეო, რომელიც განთავსდება მოქალაქე რეპორტიორის აპლიკაციაში და საიტზე 1tv.ge.