ვასილ მაღლაფერიძე - 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაშუქდა ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს
ვასილ მაღლაფერიძე - 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაშუქდა ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა არჩევნები 2021-ის გაშუქებასთან დაკავშირებით.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გაშუქდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.

„პირველმა არხმა ყველა კვალიფიციურ და არაკვალიფიკაციურ პარტიას მისცა თანაბარი ეთერი, როგორც საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“, ასევე ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში; გამოშვებებს ახლდა სურდოთარგმანი და მთავარი გამოშვება ხელმისაწვდომი იყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე; როგორც კვალიფიციურ, ისე არაკვალიფიციურ სუბიექტებს, დაეთმოთ რადიოეთერი; არჩევნების გაშუქების ფარგლებში, პირველმა არხმა საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩევლებს შესთავაზა დებატები; 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური პორტალი შეიქმნა, რომელიც არჩევნების თაობაზე საზოგადოებისთვის საჭირო და საინტერესო ყველა ინფორმაციას აერთიანებდა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ დეპუტატებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის შეფასება.

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნების პერიოდში, მედიამონიტორინგი ჩაუტარა ექვს ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის პირველ არხს. კომუნიკაციების კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმდინარე მოვლენებს მიუკერძოებლად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით აშუქებდა, მისი სიუჟეტები და გადაცემები ამომრჩევლის ინფორმირებას ემსახურებოდა. ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვებას, ჟურნალისტების მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირებას და სიძულვილის ენის გამოყენებას. არხი ნეიტრალურად და დაბალანსებულად აშუქებდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო აქტივობას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ ყურადღება გაამახვილა ასევე ეუთო/​ოდირი-ს შეფასებაზე.

„მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირი-ს შეფასება, რომელიც პირველმა არხმა არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით მიიღო. ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა საარჩევნო სუბიექტს სამართლიანად დაუთმო საეთერო დრო. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული როლი სხვა კერძო მაუწყებლებთან შედარებით და ჩვენ ეს დავინახეთ საარჩევნო კამპანიის დროს. საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიებს მეტ შესაძლებლობას სთავაზობს უფრო თანაბარი პირობებით, ვიდრე სხვები და ეს გამოჩნდა ჩვენი გუნდის მიერ მედიამონიტორინგის პერიოდში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.