ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ შენობასთან, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ, პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული
ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ შენობასთან, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ, პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის უკან მდებარე შენობასთან, სადაც დევნილები, სოციალურად დაუცველები, ასევე უსახლკარო სტატუსის მქონე პირები მერვე დღეა არიან შეჭრილები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

როგორც სამართალდამცავები ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავენ, შენობაში ყოფნა მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეიძლება, რადგან შენობა ავარიულია.

ადგილზე იმყოფება საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. მისი განცხადებით, გამგეობამ შენობაში შესახლებულ დევნილებს შესთავაზა, რომ იმ ოჯახებმა, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებული, შესაბამის გამგეობას მიმართონ და დახმარებას აღმოუჩენენ, თუ ეს კანონით ეკუთვნით – იქნება ეს ქირა თუ სხვა ტიპის დახმარება.

„ახლა შენობის გარეთ დარჩენილია ქალი სამი თვის ბავშვით. ჩვენ შევთავაზეთ მას ბინით უზრუნველყოფა იქამდე, ვიდრე გამგეობასთან ურთიერთობა დალაგდებოდა და გამგეობა დახმარებას აღმოუჩენდა, რაზეც მან უარი განაცხადა“, – განუცხადა ავთანდილ ცინცაძემ ჟურნალისტებს.

მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ნინო ანდრონიკაშვილის განცხადებით, ის შენობიდან შვილის გასასეირნებლად გამოვიდა და პოლიციამ უკან აღარ შეუშვა. ანდრონიკაშვილი ითხოვს საბუთს, რომლის მიხედვითაც მას ბინას ერთი წლით უქირავებენ და ერთი წლის შემდეგაც უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ თავშესაფარს მომცემენ. საბუთს ვითხოვ, წარმომიდგინონ, რომ ერთი წლით მიქირავებენ ბინას და ერთი წლის მერეც მოხდება ჩემი უზრუნველყოფა. არ წავალ არსად, ვიდრე საბუთს არ მომიტანენ”, – განაცხადა ნინო ანდრონიკაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნათელი მომავლის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ მენაბდიშვილის განცხადებით, 158-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სულ 32 ოჯახია შესახლებული, აქედან სოციალურად დაუცველები და დევნილი 17 ოჯახია, დანარჩენები კი უსახლკარო სტატუსის მქონეები არიან. მისი თქმით, ისინი ქირაზე უარს ამბობენ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ უკვე რამდენჯერმე იყვნენ ქირით გასულები და მათ ქირის გადახდა შეუწყიტეს.

„ამჟამად ქალბატონს, რომელიც ჩვილ ბავშვთან ერთად გარეთაა დარჩენილი, შესთავაზეს შუამდგომლობა ისნის გამგეობასთან. იქამდე, ვიდრე გამგეობასთან პრობლემები მოგვარდებოდა კი წაიყვანდნენ და უზრუნველყოფდნენ ბინით. ჩემი აზრით, ნორმალური შეთავაზებაა, თუმცა ის ელოდება საბუთს ბეჭდით, მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს ტერიტორიის დატოვებას“, – განაცხადა მარიამ მენაბდიშვილმა.

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის უკან მდებარე შენობაში, დევნილები, სოციალურად დაუცველები და უსახლკარო სტატუსის მქონე პირები მერვე დღეა შეჭრილები არიან და მუდმივ საცხოვრებელ ბინებს ითხოვენ. მათი თქმით, საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და შენობის დატოვებას არ აპირებენ.