ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში თავდაცვის ძალების დღე აღინიშნა
ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში თავდაცვის ძალების დღე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პატივსაცემად და საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აღსანიშნავად ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მადლობის ნიშნად თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს „გენერალ მაზნიაშვილის“ მედალი გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მიღებას აშშ-ის აკადემიური წრის, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ. პენტაგონიდან მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ მრავალეროვნულ წვრთნებსა და ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების ამერიკელ პარტნიორებთან მხარდამხარ მსახურზე გაამახვილეს.

ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები, რომლებიც ამჟამად აშშ-ის სხვადასხვა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლობენ. მიღებაზე იმყოფებოდა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაჭრილი ქართველი მშვიდობისმყოფელი, ლეიტენანტი ივერი ბუაძეც, რომელიც ვაშინგტონში უალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის.

დატოვე კომენტარი