ვაშინგტონში რუსეთის საელჩო უსაფუძვლოს უწოდებს აშშ-ის ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს
ვაშინგტონში რუსეთის საელჩო უსაფუძვლოს უწოდებს აშშ-ის ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს

რუსეთის საელჩო უსაფუძვლოს უწოდებს აშშ-ის ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული მხარის ცნობით, ეს ადასტურებს რუსეთზე საინფორმაციო ზეწოლის გაგრძელებას.

რუსეთის საელჩოს განცხადებით, მოსკოვი ომის წინააღმდეგია და მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებას.

„მოვუწოდებთ აშშ-ის რუსული მხარის მიერ შეთავაზებული შეთანხმებების პროექტების საფუძველზე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად საგნობრივი მუშაობისკენ“, – აღნიშნულია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის აგენტები უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბის შესაქმნელად მუშაობენ.

მისი თქმით, ამერიკულ მხარეს გააჩნია მტკიცებულებები, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო და სოციალურ მედიაში უკრაინული პროვოკაციების ფაბრიკაცია დაიწყეს, რათა ინტერვენციისთვის გამამართლებელი ყალბი საბაბი წინასწარ შექმნან.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკვე აქტიურად მუშაობს უკრაინაში პოტენციური შეჭრისთვის საბაბის შესაქმნელად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ამზადებენ ოპერატიული თანამშრომლების ჯგუფს ე.წ. ყალბი ოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც იქნება წარმოდგენილი როგორც თავდასხმა მათზე ან მათ ხალხზე, ან უკრაინაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობაზე როგორც საბაბს შეჭრისთვის. ჩვენ ასევე გვაქვს დამატებითი ცნობები, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის აგენტებმა მოქმედება უკვე დაიწყეს. მათ უკვე დაიწყეს უკრაინული პროვოკაციების ფაბრიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე სოციალურ მედიაში, რათა ინტერვენციისთვის წინასწარ გამამართლებელი საბაბი შექმნან. რუსეთისგან მსგავსი ქმედებები ადრეც გვინახავს. როდესაც არ არსებობს ნამდვილი კრიზისი, რომელიც მათ საჭიროებებს შეესაბამება, ისინი მას ქმნიან. ამასთან დიპლომატიისთვის დროს და სივრცე ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ არ გვგონია, რომ ბატონმა პუტინმა უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა კირბიმ.

აღნიშნულ საკითხზე პრესბრიფინგზე თეთრი სახლის წარმომადგენელმაც ისაუბრა. პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ანალოგიური სცენარით რუსეთი 2014 წელსაც მოქმედებდა.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინაში ინტერვენციისთვის ემზადება, რასაც შედეგად შესაძლოა, მოჰყვეს ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევები და სამხედრო დანაშაულები, თუ დიპლომატია თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. თავისი გეგმების ფარგლებში, რუსეთი ქმნის საფუძველს ინტერვენციისთვის საბაბის გასაყალბებლად. ჩვენ ეს წარსულშიც გვინახავს. ჩვენ ეს ვნახეთ 2014 წლამდეც დივერსიული ქმედებებისა და საინფორმაციო ოპერაციების სახით, როდესაც უკრაინა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ ძალებზე თავდასხმის მზადებაში დაადანაშაულეს“, – განაცხადა ფსაკიმ.