ვაშინგტონში „ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში „ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში „ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას უმასპინძლა.

ოთხეულის ლიდერების ერთობლივი განცხადების მიხედვით, ისინი მხარს დაუჭერენ მსოფლიოში კანონის უზენაესობას, ნავიგაციის თავისუფლებას, დავების მშვიდობიან მოგვარებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და მშვიდობიანი მიზნებისთვის სატელიტური მონაცემების გაზიარების თაობაზე შეთანხმდნენ.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მხარეებმა ერთმანეთს მომავალთან და 21-ე საუკუნის უმთავრეს გამოწვევებთან დაკავშირებით საერთო ხედვები გაუზიარეს.

იაპონიის პრემიერის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ვაქცინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე კოსმოსურ და სუფთა ენერგიის სფეროებში.

გარდა ამისა, სუგას თქმით, „ოთხეულის“ შეხვედრა წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობის განსახილველად იყო მოწვეული და ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.

მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა პანდემია და ვაქცინების წარმოება იყო. ნარენდრა მოდის განცხადებით, ინდოეთი ოქტომბრის ბოლოსთვის 8 მილიონ ერთდოზიან „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის წარმოებას გეგმავს. გარდა ამისა, „ოთხეულის“ ლიდერების განცხადებით, წლის ბოლომდე აზიის რეგიონს მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან.

მხარეებმა გასულ კვირას აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის გაფორმებული ალიანსის, ე.წ. აუკუსის შესახებაც ისაუბრეს. ინდოეთი და იაპონია მიესალმნენ ალიანსის შექმნას და აღნიშნეს, რომ ალიანსი ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და აშშ-ის ჩართულობის გაღრმავებას.