ვაშინგტონში მომიტინგეები ამბობენ, რომ ალიევის დაცვის წევრები თავს დაესხნენ, აზერბაიჯანის საელჩოში კი აცხადებენ, რომ მომიტინგეებმა პრეზიდენტის ავტომობილზე თავდასხმა სცადეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის უსაფრთხოების სამსახურმა ფიზიკური ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც, აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავდნენ, – ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომის ჩასატარებლად მზადება მიმდინარეობდა.
როგორც „ვაშინგტონ პოსტს“ აზერბაიჯანში მსჯავრდებული პოლიტიკოსის, თოფიგ იაგუბლუს შვილმა განუცხადა, ალიევის დაცვის წევრებმა „დაიწყეს მისი ცემა, ურტყამდნენ სახისა და მუცლის არეში“.
მისივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იყო, ხოლო დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა.
აშშ-ის პოლიციის წარმომადგენლის, ტომ ლინჩის განცხადებით, საქმე უკვე გადაეცა სახელმწიფო დეპარტამენტს.
ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „რადიკალ-პროვოკატორთა“ ჯგუფი ცდილობდა, შეეღწია სასტუმრო Waldorf Astoria-ს დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ალიევი იმყოფებოდა. გამოცემა OxuAz-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის დაცვამ აშშ-ის პოლიციასთან ერთად „აღკვეთა პროვოკაცია“.
მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა აშშ-ში აზერბაიჯანის საელჩომ. მათი ცნობით, ილჰამ ალიევის აშშ-ში ვიზიტის დროს, სადაც იგი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაში მონაწილეობდა, ვაშინგტონში, Waldorf Astoria Washington DC-ს სასტუმროს წინ დემონსტრანტთა ჯგუფმა პროვოკაციული ქმედებები განახორციელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის კორტეჟის სასტუმროს ტერიტორიასთან მიახლოებისას პროტესტანტებმა სცადეს ძალის გამოყენებით შეღწევა დაცულ ზონაში და განახორციელეს თავდასხმის აქტები, რომლებიც მიმართული იყო პრეზიდენტის ავტომობილის წინააღმდეგ.
აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მეთაურის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხება ან ფიზიკური ჩარევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს სხვა არჩევანი არ დარჩა, გარდა დაუყოვნებლივი ჩარევისა.
საელჩოს ცნობით, მიღებული ზომები განხორციელდა სტანდარტული პროცედურების შესაბამისად და მიზნად ისახავდა მხოლოდ უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას.
ამასთან, როგორც საელჩო წერს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, სასტუმროს ტერიტორია ოფიციალურად შედის დაცულ პერიმეტრში.
„აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ყოველთვის მოქმედებენ მასპინძელ მხარესთან მჭიდრო კოორდინაციით. მოვუწოდებთ პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, ინფორმაციის გავრცელებისას თავი შეიკავონ დაუდასტურებელი დასკვნების გამოტანისაგან“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაში.