ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტი, იარაღი და 500-ზე მეტი ვაზნა აღმოაჩნდა
ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტი, იარაღი და 500-ზე მეტი ვაზნა აღმოაჩნდა

ვაშინგტონში პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტი, იარაღი და 500-ზე მეტი ვაზნა აღმოაჩნდა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, დაკავებული ვირჯინიელი ეუსლი ალენ ბილერია. ის პოლიციამ შემოწმების მიზნით ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან გააჩერა. ბილერმა სამართალდამცველებს „არაავტორიზებული ინაუგურაციის დოკუმენტი“ წარუდგინა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ავტომობილზე შემდეგი წარწერის სტიკერი იყო გაკრული – „თუ ისინი თქვენი იარაღისთვის მოვლენ, პირველ რიგში მათ თქვენი ტყვიები მიეცით“. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულს ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლება არ ჰქონია.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შტატების პოლიციის სააგენტოები მოსალოდნელი შეიარაღებული საპროტესტო აქციების შესახებ გააფრთხილა.

ვაშინგტონში 20 იანვარს ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ფიცს საზეიმოდ დადებენ. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია უპრეცედენტოდ გამკაცრებული უსაფრთხოების პირობებში გაიმართება. როგორც მედია წერს, წლევანდელ ინაუგურაციაზე უსაფრთხოების ზომების ასეთი მასშტაბით გამკაცრება ტრამპის მხარდამჭერებისგან მოსალოდნელი აქციებითაა განპირობებული. განსაკუთრებით კი, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.