ვაშინგტონში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
ვაშინგტონში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აპრილის მოვლენები გაიხსენეს.

ელჩმა გამოსვლისას 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის თავგანწირვამ დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის მომავალზე.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ გამოსვლისას აღნიშნა, როგორც პირველი გიმნაზიის მოწაფემ, საკუთარი თვალით იხილა დარბეული რუსთაველის გამზირი და მოვლენები, რომელიც ნაწილი იყო უფრო დიდი ძვრებისა, რაც საქართველოს მეზობელ ერებშიც ხდებოდა – რუსეთის იმპერიის დაშლის პროცესი დაუმორჩილებლობის ტალღის ზეწოლით იწყებოდა.

ღონისძიებაზე დეკანოზმა პავლე ზაქარაიამ 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორება, საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისად იქცა, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა საბჭოთაკავშირის სხვა ერებსა და ვარშავის პაქტის ქვეყნებში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.