ვაშინგტონი ირანის ნავთობზე სანქციების გამკაცრებას გეგმავს 
ვაშინგტონი ირანის ნავთობზე სანქციების გამკაცრებას გეგმავს 

ვაშინგტონი ირანის ნავთობის იმპორტზე არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ და ბრიტანული სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ, ნავთობის ფასმა მიმდინარე წლის რეკორდს მიღწია და გასული წლის პირველი ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა.

ორშაბათს „ვაშინგტონ პოსტმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 მაისიდან თეთრი სახლი ირანული ნავთობის იმპორტზე არსებული სანქციის საშეღავათო პერიოდის დასრულებას გეგმავს და სანქციები ყველას შეეხება. ამერიკული გამოცემის შემდეგ, ინფორმაცია სანდო წყარომ „როიტერსაც“ დაუდასტურა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 3.2 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 74 დოლარი და 31 ცენტზე ავიდა, ამერიკული ტეხასური ნედლი ნავთობის ფასი კი სამი პროცენტით გაძვირდა და 65 დოლარი და 87 ცენტი შეადგინა.

როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა გასული წლის ნოემბერში თეირანთან ექვსი დასავლური სახელმწიფოს მიერ 2015 წელს დადებული ბირთული შეთანხმება დატოვა და ირანული ნავთობის იმპორტზე სანქციები დააწესა. თუმცა ვაშინგტონი გარკვეულ დათმობაზე წავიდა და რვა ქვეყანას, ძირითადად აზიურ სახელმწიფოებს, რომლებიც ირანულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული, ექვსი თვით საშეღავათო პერიოდი მისცა. შეღავათი შეეხო იაპონიას, ჩინეთს, ინდოეთს, სამხრეთ კორეას, ტაივანს, იტალიას, საბერძნეთსა და თურქეთს. შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებს ექვსი თვის მანძილზე ირანული ნავთობის შესყიდვის უფლება მიეცათ.

ანალიტიკოსები, სანქციების გამკაცრების შედეგად, ნავთობის ფასის ზრდას ელოდებიან, რადგან მოცემულ ეტაპზე მსოფლიო ბაზარზე მიწოდება ისედაც შემცირებულია ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის „ოპეკის“ მიერ მოპოვების შემცირების გამო. გარდა ამისა, „ოპეკის“ წევრ ქვეყანა ლიბიაში გასულ უქმეებზე საომარი მდგომარეობის ესკალაცია მოხდა და არსებობს ვარაუდი, რომ ლიბიური ნავთობის ექსპორტი, რომელიც დღეში 1.1 მილიონ ბარელს შეადგენს, შესაძლოა, 300-400 ათასი ბარელით შემცირდეს.
ექსპერტები თვლიან, რომ ბაზარზე სიტუაციის შერბილება საუდის არაბეთზეა დამოკიდებული, რომელიც ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია და წარმოების ზრდის პოტენციალი აქვს. თუმცა მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ფასებზე წნეხის შემცირებას არ ელოდებიან.