ვაშინგტონი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტისთვის ემზადება
ვაშინგტონი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტისთვის ემზადება

ვაშინგტონი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტისთვის ემზადება. ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების დესპანი ფხენიანში იმყოფებოდა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტეფან ბიგანი კორეელ კოლეგას შეხვდა. მან კორეელ დიპლომატთან დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა განიხილა და ახალი სამიტის დეტალებზე ისაუბრა. დიპლომატებმა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების გზებზე იმსჯელეს.

ჩრდილოეთ კორეის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი სამხრეთ კორეას ესტუმრა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების დესპანი კორეელ კოლეგას ვიეტნამში დაგეგმილ სამიტამდე კიდევ შეხვდება.

როგორც უკვე ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს 27-28 თებერვალს, ვიეტნამის დედაქალაქში შეხვდებიან. დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის პირველი სამიტი 12 ივნისს, სინგაპურში შედგა.