„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, პენტაგონი მინესოტაში მედესანტეების გასაგზავნად ემზადება
ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ პენტაგონი ემზადება ალიასკაზე დისლოცირებული 1 500 მედესანტის მინესოტის შტატში გასაგზავნად.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ სამხედროებმა შესაბამისი ბრძანება უკვე მიიღეს და მომზადების პროცესში არიან, თუმცა მინესოტაში მათი გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, მინესოტაში, შესაძლოა, გაგზავნონ მე-11 საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორი ქვეითთა ბატალიონი. ამჟამად ისინი დისლოცირებული არიან ალიასკაზე და კარგად უძლებენ სიცივეს. მინესოტის შტატში ჰაერის ტემპერატურა ახლა -20 გრადუსია.
დონალდ ტრამპი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, სამხედროები გააგზავნოს მინესოტაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა 1992 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკელ ჯარისკაცებს მიტინგების დაშლაში ჩართავენ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეუძლია, აამოქმედოს 1827 წელს მიღებული „ამბოხის აქტი“, რომელიც მას აძლევს უფლებას, სამხედროები ქვეყნის შიგნით გამოიყენოს.
მინესოტის შტატში აქციები 7 იანვრის შემდეგ არ წყდება. დემონსტრანტები საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობას აპროტესტებენ.