„ვაშინგტონ პოსტი“ - ომის დროს ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის, სულ მცირე, 228 სამხედრო ობიექტი გაანადგურა ან დააზიანა
„ვაშინგტონ პოსტის“ თანამგზავრული ფოტოების ანალიზის თანახმად, ომის დაწყებიდან ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ირანის საჰაერო დარტყმებმა დააზიანა ან გაანადგურა, სულ მცირე, 228 ნაგებობა ან აღჭურვილობა.
გამოცემის ცნობით, მათ შორის დაზიანდა ანგარები, ყაზარმები, საწვავის საწყობები, თვითმფრინავები, ძირითადი რადარები, საკომუნიკაციო და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ნგრევის მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე აშშ-ის მთავრობამ საჯაროდ აღიარა ან ადრე გაავრცელა ინფორმაცია. გავრცელებული ცნობით, რეგიონში ამერიკული ბაზები სრული ძალით ვერ მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დასაწყისში პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. გაზეთის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სამხედროებმა არასაკმარისად შეაფასეს ირანის შესაძლებლობები და თანამედროვე დრონებთან გამკლავება ვერ შეძლეს.