„ვაშინგტონ პოსტი“ – ირანის მიერ მკვლელობის მუქარის გამო, დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის შემდეგ თურქეთი ფარულად, სამხედრო თვითმფრინავით დატოვა
ირანის მიერ მკვლელობის მუქარის გამო, დონალდ ტრამპმა, ანკარაში ნატო-ს სამიტის შემდეგ, თურქეთი ფარულად, სხვა სამხედრო თვითმფრინავით დატოვა. ამის შესახებ სტატიას „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტების ცნობით, ნატო-ს სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ანკარიდან დაბრუნება ისე იყო ორგანიზებული, არავის სცოდნოდა, რომ საკუთარ საპრეზიდენტო თვითმფრინავს არ გამოიყენებდა.
ჟურნალისტების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდა თეთრი სახლის ზოგიერთ თანამშრომელსაც კი, რომლებიც ტრამპთან ერთად თურქეთში იმყოფებოდნენ.
წყაროების ცნობით, ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავი ფარულად, საკვებისთვის განკუთვნილი სატვირთო ავტომობილით დატოვა და საჰაერო ძალების C-32A-ით იმგზავრა.
„აშშ-ის ოფიციალური პირისა და The Post-ის მიერ განხილული დამადასტურებელი მასალის თანახმად, ის ფარულად გადაიყვანეს უფრო პატარა თვითმფრინავში, საჰაერო ძალების C-32A-ში, აეროპორტის საკვების სატვირთო მანქანის მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფრენის წინ საკვებისა და სხვა მარაგების ჩასატვირთად. ამან Air Force One „სატყუარად“ აქცია, რადგან ბორტზე მედიისა და თეთრი სახლის ზოგიერთი თანამშრომელი იმყოფებოდა”,- წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ანკარაში ალიანსის სამიტი 7-8 ივლისს გაიმართა. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი, აშშ-ის, კანადისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.