„ვაშინგტონ პოსტი“ - ირანი მზად იყო ურანის გამდიდრება იმ დონემდე შეემცირებინა, რასაც 2015 წლის „ბირთვული შეთანხმება“ ითვალისწინებს, თუ აშშ გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებდა
„ვაშინგტონ პოსტი“ - ირანი მზად იყო ურანის გამდიდრება იმ დონემდე შეემცირებინა, რასაც 2015 წლის „ბირთვული შეთანხმება“ ითვალისწინებს, თუ აშშ გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებდა

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ირანი მზად იყო ურანის გამდიდრება იმ დონემდე შეემცირებინა, რასაც 2015 წლის „ბირთვული შეთანხმება“ ითვალისწინებს, თუ აშშ გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებდა.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა იუწყება, სანაცვლოდ, თეირანი აშშ-ის მიერ ირანის ატომური ენერგიის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, გაყინულ მრავალმილიარდიან ირანულ აქტივებთან წვდომასა და ვაშინგტონის მხრიდან ირანული ნავთობის ჩინელ მყიდველებზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვდა.

რამდენად მისაღები იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის ამ პირობების დაკმაყოფილება, ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, 12 აპრილს ომანის დედაქალაქში გაიამართა აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები. ირანულ დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობდა, ხოლო ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი. შუამავალი იყო ომანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

უიტკოფის განცხადებით, მოლაპარაკებები პოზიტიურად და კონსტრუქციულად წარიმართა. ანალოგიური შეფასება გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, მოლაპარაკებების დროს უიტკოფს არ მოუთხოვია ირანისაგან ურანის გამდიდრების სრულად შეწყვეტა. ამის ნაცვლად ის გამოვიდა წინადადებით, რომ ირანმა მის ხელთ არსებული ურანი იარაღად არ გამოიყენოს.