„ვაშინგტონ პოსტი“ - ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს მონიტორინგისთვის უკრაინაში 30 ათასამდე სამხედროს გაგზავნის შესაძლებლობა, თუ მოსკოვი და კიევი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ
ევროკავშირის ლიდერებმა და დიდმა ბრიტანეთმა განიხილეს უკრაინაში 30 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესაძლებლობა, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, თუკი მოსკოვსა და კიევს შორის შესაბამისი შეთანხმება იქნება მიღწეული, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
გაზეთის წყაროების თქმით, ევროპული ქვეყნების 25-დან 30 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ბრიგადაში, რომლებიც უკრაინაში განლაგდებიან. ამასთან, ეს იდეა არ გულისხმობს, რომ სამშვიდობოები განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აღმოჩნდებიან დაპირისპირების ხაზზე. გაზეთის ცნობით, ჯარისკაცები მხოლოდ „მზად იქნებიან ძალის დემონსტრირებისთვის, თუ რუსული ჯარები შეეცდებიან ომის განახლებას“.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული იდეა ჯერ განხილვის ეტაპზეა. გაზეთი წერს, რომ უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ამჟამად „უფრო მეტ შეშფოთებას განიცდიან ან აწყდებიან შეზღუდულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებულ პრობლემებს“. კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი, გამოცემა არ აზუსტებს.
როგორც გამოცემა წერს, ამავდროულად, ევროპის ქვეყნები ცდილობენ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან გაიგონ, თუ რა სამხედრო დახმარებას გაუწევს ვაშინგტონი უკრაინას ომის დასრულების შესახებ შესაძლო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.