„ვაშინგტონ პოსტი“ - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში ამერიკელების ინფორმატორი იყო
„ვაშინგტონ პოსტი“ - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში ამერიკელების ინფორმატორი იყო

საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში ამერიკელების ინფორმატორი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ თავად ალ-ყურაშის ძველი დაკითხვის ოქმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტერორისტი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი 2019 წლის ოქტომბერში გახდა. მანამდე, ყოფილი ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სირიაში ამერიკელების სპეცოპერაციის დროს მოკლეს. აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში ამჟამად ძებნილია და მის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოდ 10 მილიონი დოლარია დაწესებული.

დაკითხვის მასალების მიხედვით, ციხის ინფორმატორი ამერიკულ ძალებს ერაყში ფასდაუდებელ ინფორმაციას აძლევდა, რაც მათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლაში დაეხმარა. ალ-ყურაში ერაყში 2007 წლის ბოლოს ან 2008 წლის დასაწყისში დააკავეს, როდესაც რადიკალი ისლამისტების საშუალო რგოლის მეთაური იყო. ტერორისტი ბანაკში მოათავსეს, სადაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაკითხეს. დაკითხვების ბოლო ჩანაწერები 2008 წლის ივლისში გაკეთდა. იმ დროისთვის რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს ნაკლებად სურდა გამომძიებლებთან დაკავშირება, რადგან უკმაყოფილო იყო, რომ ჯილდო არ მიიღო. დოკუმენტებიდან არ ჩანს, როდის და რა ვითარებაში გაათავისუფლეს ტერორისტი ციხიდან. ალ-ყურაში ეხმარებოდა ამერიკელებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების სურათების შედგენაში და ასახელებდა რესტორნებს, სადაც ჯიჰადისტები სადილობდნენ.

გამოცემა წერს, რომ მანამდე ამირ მუჰამედ საიდ აბდელ-რაჰმან ალ-მაულას სახელით ცნობილმა ტერორისტმა ერთ-ერთი დაკითხვის დროს რადიკალი ისლამისტების 19 ტელეფონის ნომერი და მათი შემოსავლების რაოდენობა გაამჟღავნა. გარდა ამისა, დეტალურად განმარტა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ჯიჰადისტების მედიის განყოფილების საიდუმლო შტაბი. აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში სავარაუდოდ, ერაყის ან სირიის ტერიტორიაზე იმალება.