„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციისგან არჩევნების შედეგების შეცვლისთვის საჭირო ხმების მოძიება მოითხოვა
„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციისგან არჩევნების შედეგების შეცვლისთვის საჭირო ხმების მოძიება მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციისგან არჩევნების შედეგების შეცვლისთვის საჭირო ხმების მოძიება მოითხოვა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

„მე მხოლოდ მინდა 11 780 ხმის პოვნა“, – მიმართავს ტრამპი ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს ჩანაწერში, რომელიც „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა.

ჩანაწერში ტრამპი ამბობს, რომ ჯორჯიის შტატში არჩევნები მოიგო და არაფერია ცუდი, თუ იტყვიან, რომ არჩევნების შედეგები ხელახლა გადაითვალეს.

„გამოწვევა, რომელიც თქვენს წინაშეა, ბატონო პრეზიდენტო, არის ის, რომ თქვენი მონაცემები არასწორია“, – პასუხობს დონალდ ტრამპს რაფენსპერგერი ჩანაწერში.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი 50-მა შტატმა დაადასტურა, მათ შორის ზოგიერთმა გადაანგარიშებისა და იურიდიული საჩივრის შემდეგ. კონგრესი არჩევნების შედეგებს ოფიციალურად 6 იანვარს დაამტკიცებს.