„ვაშინგტონ პოსტი“ – დონალდ ტრამპი და პიტ ჰეგსეტი საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

11:03, 06.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას პიტ ჰეგსეტს პასუხი მოსთხოვა, რატომ არ მიაწოდეს ზუსტი ინფორმაცია საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტის შესახებ.

„პიტ ჰეგსეტმა დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, არასწორი წარმოდგენა შეუქმნა საბრძოლო მასალის მარაგების მდგომარეობის შესახებ. ტრამპს ეგონა, რომ ეს საკითხი „უკვე მოგვარებული“ იყო, სინამდვილეში კი ასე არ აღმოჩნდა“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, დეფიციტი განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებში იგრძნობა. გამოცემის ცნობით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ტრამპმა ბოლო დღეებში ირანზე ახალი მასშტაბური დარტყმებისგან თავი შეიკავა.

გამოცემა წერს, რომ ომის პირველივე თვეს აშშ-მა „ტომაჰავკის“ – 850-ზე მეტი, „პეტრიოტისა“ და THAAD-ის სისტემების 1000-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, ხოლო „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების მარაგი, რომელზეც უკრაინაც არის დამოკიდებული, პრაქტიკულად ამოწურულია.

პენტაგონის სპიკერმა, შონ პარნელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ჰეგსეტს არავინ შეუყვანია შეცდომაში და თანამდებობას არ ტოვებს.

ცნობისთვის, მანამდე „სიენენმა“ და „როიტერმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-მა მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგი ფაქტობრივად ამოწურა. საპასუხოდ, აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები და აღნიშნა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მსგავსი